მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ამბობს მერია უარს ვაკის პარკში რესტორნის აშენებაზე? - განმარტება

602a6d65e9bd0
ინგა მურუსიძე
15.02.21 17:33
922
სასტუმრო "ბუდაპეშტის“ ინვესტორი გოგა ზაქაიძე აცხადებს, რომ კომპანია მზად არის ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორანი ააშენოს, თუმცა თბილისის მერია ამაზეც უარს ამბობს. განცხადება მან მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

თავის მხრივ, თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, თუ რატომაა მერია ვაკის პარკში რესტორნის აშენების წინააღმდეგი, როგორც ეს ადრე იყო. ირაკლი ხმალაძე ირწმუნებ, რომ ინვესტორს სურს, "სასტუმროს პარამეტრების რესტორანი ააშენოს".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის შენობის ფუნქცია, მთავარია, მისი გაბარიტები. ერთადერთი, ვარიანტი, რაც აქ გამოსავალი შეიძლება იყოს, მიწით ადგილმონაცვლეობა. დღეს ვერაფერზე შევთანხმდით, თუმცა ყველანაირად შევეცადე ამეხსნა მათთვის ეს“, - ამბობს ხმალაძე.

მისი თქმით, მერია ფულად კომპენსაციას არ განიხილავს და ეს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა.

„თუ საქმე ეხეხება იმას, რომ რომელიმე ნაკვეთი არ მოსწოთ, სხვას მოვძებნით, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ სურთ სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკთან“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, დღეს კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ თქვა, რომ მერიამ მათ შესთავაზა 20 მილიონი ლარის გადახდა, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, თანხის გადანაწილებით, რასაც ირაკლი ხმალაძე უარყოფს. „მსგავსი შეთავაზება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, - ამბობს ვიცე-მერი და დასძენს, რომ ინვესტორი აუცილებლად დარწმუნდება იმაში, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენება არასწორია და მიწის ადგილმონაცვლეობას უნდა დასთანხმდეს.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მერიამ განიხილოს ძველი რესტორან "ბუდაპეშტის" პროექტის აღდგენა, ხმალაძე ამბობს, რომ თუ ინვესტორს ეს ენდომება, საუბარი შეიძლება გაგრძელდეს.

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის თქმით, თუკი ვაკის პარკში თვითნებური მშენებლობა გაგრძელდება, მერია შესაბამის ბერკეტებს გამოიყენებს და მას შეაჩერებს.

ინფორმაციისთვის, დღეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „სასტუმრო ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა სასტუმროს ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამის უფლება სასამართლოთი აქვთ მინიჭებული, თუმცა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ვიზიტის შემდეგ, სამუშაოები დროებით შეწყდა და მერიაში შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყო. მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. როგორც ცნობილია, ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც როგორც ინვესტორი კომპანია ირწმუნება, 2013 წელს სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს.