ავლაბრისა და ვარკეთილის მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას ობიექტური მიზეზები აქვს და კონტრაქტორი პირობებს არ არღვევს, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
ხმალაძე ამბობს, რომ არსებული მონაცემებით, იმედოვნებს რომ ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს, ვარკეთილის კი, წლის ბოლომდე დასრულდება.
"სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გვაქვს სახეზე კონტრაქტის პირობების დარღვევა, თუმცა სახეზე გვაქვს სამუშაოების წარმოების დროს პროექტისგან განსხვავებული გარემოებების დროდადრო გამოვლენა, რამაც განაპირობა გარკვეული ცვლილებები. თითოეული ცვლილება მინდა გითხრათ, რომ დაკავშირებულია შემდგომში ექსპერტიზის სამუშაოებთან და შენიშვნების გათვალისწინებასთან და მხოლოდ ამის შემდეგ შედის პროექტში ცვლილებები. ამიტომ ცოტა უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდა სამუშაოებს, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ავლაბრის მეტროს შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოხდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ ვადის ბოლომდე გაგრძელდება ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე ახლა შემიძლია გითხრათ, რომ როგორც დღეს მიმდინარეობს პროცესი, იმ მონაცემებით, ჩვენ ვიმედოვნებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია დასრულდეს" - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პროცესის გაჭიანურებას კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებითა და ტენდერში მონაწილეობაზე თავშეკავებით ხსნის.
რაც შეეხება ავლაბარს, მეტროსადგურ “ავლაბარის” კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტზე პასუხისმგებელი “სს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა” იყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის სამუშაოები ვერ დასრულდა.
მაშინაც სამუშაოების პროცესში გამოვლენილი იყო ისეთი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რომელიც მანამდე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა და შპს “ვეგა+”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო. ბოლო სატენდერო პირობებით კი, ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია 15 მარტს უნდა დასრულებულიყო.