მეტროსადგური "ავლაბარი", რომლის რეაბილიტირების სამუშაოებიც ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო, რამდენიმე დღეში გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
მერი მეტროსადგურ "ვარკეთილის" სამუშაოების დასრულების ვადებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ავლაბრის მეტროს რამდენიმე დღეში უკვე გავხსნით, რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პროცესის გაჭიანურებას კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებითა და ტენდერში მონაწილეობაზე თავშეკავებით ხსნის.
რაც შეეხება ავლაბარს, მეტროსადგურ “ავლაბარის” კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტზე პასუხისმგებელი “სს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა” იყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის სამუშაოები ვერ დასრულდა.
მაშინაც სამუშაოების პროცესში გამოვლენილი იყო ისეთი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რომელიც მანამდე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა და შპს “ვეგა+”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო. ბოლო სატენდერო პირობებით კი, ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია 15 მარტს უნდა დასრულებულიყო.