თბილისის მერიის მიერ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის ამოქმედებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა.
პროგრამის შუალედური შედეგების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
"თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მაისში ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არ გადადონ ვიზიტი და ისარგებლონ უფასო პროგრამით, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის უმთავრესი წინაპირობაა.
ვის შეუძლია უფასო სკრინინგით სარგებლობა:
მერიის პროგრამის ფარგლებში, გამოკვლევის სრულიად უფასოდ ჩატარება შეუძლიათ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- რეგისტრირებულნი არიან თბილისში;
- არიან 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით;
- არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები, ან შეწყვიტეს თამბაქოს მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში.
























