მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ამბობს საქართველო EU-ს სესხზე უარს - ფინანსთა მინისტრის პასუხი

613f278c6e520
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.21 14:29
636
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ თქვა ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების €75-მილიონიან ტრანშზე მთავრობამ უარი და იგეგმება თუ არა სხვა დონორულ სესხებზეც უარის თქმა, განაცხადა, რომ "სხვა ვალებთან მიმართებითაც კორექტირებების გარკვეული მოლოდინები არსებობს". ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით მთავრობამ უარი ერთადერთ ვალდებულებაზე თქვა, თანაც იმაზე, რომელსაც წინაპირობად რეფორმების შესრულება ჰქონდა განსაზღვრული.

"საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა რა თქმა უნდა არ იყო სწორი და არ არის სწორი. ჩვენ გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ და მისაუბრია თქვენ წინაშე, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რასაც 2020 წელს მივაღწიეთ არ არის ის ნიშნული, რითიც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს არის მიზანი.

კონკრეტული ვალის აღების საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების თემა და რეფორმებთან მიმართებაში გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული აუცილებლად გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რაც შეეხება საკითხს სხვა ვალებთან მიმართებაში, სხვა ვალებთან დაკავშირებითაც კორექტირებების გარკვეული მოლოდინი უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. ეს სესხები შესაძლებელია, რომ აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ევროკავშირის 150-მლნ-ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე. მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება.

„პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.