მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ ღია განცხადებას პრემიერი? - პაპუაშვილის პასუხი

62187879625f7
ინგა მურუსიძე
25.02.22 11:06
468
უკვე მეორე დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვლენებს ერთი ტვიტერ-პოსტით გამოეხმაურა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. სწორედ ამ საკითხზე, დღეს განმარტების გაკეთება მოუწია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

თუმცა ჟურნალისტის კითხვა, თუ სად არის პრემიერ-მინისტრი და გარდა "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტისა, რატომ არ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

„ესეც ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა. სია ჩამოვთვალე, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ერთი მხრივ გვერდით დაუდგეს უკრაინას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სიას, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარის დასაწყისში ჩამონათვალში ახსენა, რომ მთავრობამ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, საქართველოს ელჩი და კონსული უკრაინაში ქვეყანას ამ დრომდე არ ტოვებენ, ხოლო თავად გუშინ საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა.

ასევე, პაპუაშვილის თქმით, მთავრობა ამ წუთებშიც დაკავებულია იმით, რომ განათავსოს უკრაინის მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში.

„ახლა ჩვენი საზრუნავი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს და მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა ამ წუთებშიც დაკავებულია იმით, რომ განათავსოს უკრაინის მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში, რომ ადამიანებს ჭერი ჰქონდეთ, ვიდრე საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ეს არის ის, სადაც სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ და თუკი ოპოზიციიდან ვინმეს საქვს სურვილი, რაიმე ქმედითი გააკეთონ, ამ საკითხებში ჩაერთონ და არა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.