სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს. პეტიციაში, რომელიც ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სამედიცინო ასოციაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჯანდაცვის სექტორშია და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს რიგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის ერთ-ერთია მორატორიუმის გამოცხადება ისეთ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის სამუშაო გარემოზე ახდენს გავლენას.
აღსანიშნია, რომ პეტიცია 30 ივნისს გამოქვეყნდა ანუ იქამდე, ვიდრე პარლამენტი იმ კანონპროექტს დაამტკიცებდა, რომელიც კლინიკების რეგულაციას ამკაცრებს. შესაბამისად, ასოციაციის მიმართვაში ერთ-ერთი მოწოდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებების არმიღებაც იყო.
როგორც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართება ექიმთა, სამედიცინო სფეროს მუშაკთა და დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების ერთობლივი ყრილობა, რომელიც მიეძღვნება სამედიცინო დარგის აქტუალურ საკითხებს.
არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ ყრილობაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსაც მიიწვევენ. ზურაბ აზარაშვილის უწყებასთან ერთი მთავარი სათქმელი აქვთ - მეტი კომუნიკაცია ჯანდაცვის სექტორთან.
„უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს. შუამავალი ჯანდაცვის სერვისსა და პაციენტს შორის არის ექიმი. პეტიციაშიც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტრესის ქვეშ მუშაობა სერიოზულ ზიანს აყენებს, ზოგადად, ჯანდაცვის ხარისხს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საჭიროა, უფრო მეტი კომუნიკაცია და რეგულაციების უფრო დაგეგმილად შემოღება“, - თქვა არჩილ მორჩილაძემ „წერტილში.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებულ პეტიციის ტექსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ვაცნობიერებთ რა, სამედიცინო დარგის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების და დარგის განვითარების საქმეში, გვინდა, თქვენი და საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:
➢სახელმწიფოს მიერ, ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, არაერთხელ მოხდა ექიმების, დარგობრივი ასოციაციების, სხვადასხვა კლინიკის თუ ექიმთა ჯგუფების მოსაზრებების უგულებელყოფა,
➢ზოგ შემთხვევებში მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, ან კეთდება განცხადებები, რომლებიც მუდმივი ზეწოლის, სტრესის და სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის ქვეშ ამყოფებს სამედიცინო პერსონალს.
➢სხვადასხვა საჯარო მოხელეების/უწყებების გადაწყვეტილებები და საჯარო განცხადებები ლახავს ექიმთა ღირსებას, ზიანს აყენებს ქართული სამედიცინო საზოგადოების რეპუტაციას და ეჭვქვეშ აყენებს მათ პროფესიულ კვალიფიკაციას. აღნიშნული გარემოებები გვაიძულებს ერთობლივი ქმედებებისკენ, რათა დავიცვათ ექიმთა პროფესიული ღირსება და ხელი შევუწყოთ საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებას.
ამ მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია გადაუდებლად გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
1. გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა ახალ საკანონმდებლო გადაწყვეტილებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამედიცინო პერსონალის სამუშაო გარემოზე და ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურების პირობებზე.
2. გაუქმდეს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის N117 დადგენილება, რომელიც რადიკალურად ცვლის არსებულ სანებართვო პირობებს, ხოლო ამ პირობების შესასრულებლად კლინიკებს ვადად უწესებს მხოლოდ 5 თვეს (2023 წლის 1 სექტემბერი), რაც სცდება ყველანაირი გონივრულობის ჩარჩოებს და წარმოადგენს განაჩენს ბევრი სამედიცინო დაწესებულებისთვის.
3. პარლამენტმა შეაჩეროს იმ დაგეგმილი ცვლილებების მიღება, რომლებიც მარეგულირებელს ანიჭებს დამატებით სადამსჯელო ფუნქციებს, რაც აშკარად დაუსაბუთებელია და ამ ვითარებაში კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს სამედიცინო პერსონალს.
4. უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მიმართებაში ზედმიწევნით იქნას დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია და საკითხის ყოველმხრივი შესწავლის გარეშე, ეჭვის ან მხოლოდ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე, არ მოხდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დამნაშავეებად წარმოჩენა.
5. დაუყოვნებლად უნდა დაიგეგმოს და გატარდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, მიღებული იყოს სამედიცინო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად და მათი ჩართულობით. აღნიშნულ პეტიციაზე ხელმომწერები არიან სამედიცინო დარგის მუშაკები(ექიმები, ფარმაცევტები, ექთნები, სანიტრები, კლინიკების მენეჯერები და ა.შ.) ხელმოწერების პროცესის დასრულებისთანავე ჩატარდება ექიმთა და სამედიცინო ასოციაციების საერთო ყრილობა, სადაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები პეტიციაში დასმული საკითხების შესასრულებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პეტიციაში დასმული საკითხების მოსაგვარებლად“, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ადრესატები პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არიან.