27.ივნისი .2020 10:10

რატომ არ გაუფასურდება ლარი? - TBC Capital-ის პროგნოზი

views 966
უკან

თიბისი კაპიტალის ივნისის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენას ეხება ნათქვამია, რომ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, ნაკლებად სავარაუდოა.

თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში“ სტუმრობისას სამი ფაქტორი დაასახელა, რის გამოც ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

„ვალუტის კურსზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ:

• პირველი ეს არის საგარეო შემოდინებები - რა დანაკლისს ველოდებით აქ? საგარეო შემოდინებების კუთხით ჯამურად რომ შევხედოთ, დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის დანაკლისს ველოდებით. აქედან ტურიზმის მოლოდინი შედარებით გაუარესებულია, თუმცა პოზიტიური დინამიკაა გზავნილებში და ექსპორტში. ჯამურად ვარდნის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით არ შეგვიცვლია. ტურიზმის ვარდნის ეფექტს თითქმის სრულად აბალანსებდა იმპორტის შემცირება, რაც აპრილი-მაისში დაახლოებით 35-40%-ის ფარგლებში შემცირდა და ამასთანავე ეროვნული ბანკის ინტერვენციები იმ დანაკლისს, რაც ამ თვეებში წარმოიქმნებოდა, აკომპენსირებდა.

შემდგომ თვეებზე რომ ვისაუბროთ, შიდა მოთხოვნის აღდგენა უფრო სწრაფი იქნება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს დანაკლისი მცირედით გაიზარდოს, რადგან იმპორტის ზრდის ტემპი, ჩვენი ვარაუდით, მცირედით აღდგება და ამ დანაკლისის კომპენსირება სავარაუდოდ მოხდება ეროვნული ბანკის მხრიდან, რადგან ის მოზიდული სახსრები, რაზეც მთავრობა უკვე დიდი ხანია საუბრობს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს $1.5-მლრდიანი დანაკლისი შეივსოს. ერთი ფაქტორი ეს არის, რის გამოც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზეწოლას არ ველით

• მეორე ფაქტორი - საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი გამყარებულია და ისევ ძალიან გამყარებული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე რაც პიკიდან ქვემოთ ჩამოვიდა, აქაც არ არის მოლოდინი რომ დოლარის დამატებით გამყარება იქნება, რაც რეგიონის ვალუტებზე და შემდეგ უკვე ლარზე ზოწოლას მოახდენს;

• ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ლარის შეწონილ კურსზე რეგიონის ქვეყნების ვალუტებთან, რასაც ეფექტურ კურსს ვეძახით. ეფექტური კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ისევ გაუფასურებული რჩება, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებითი გაუფასურება ინფლაციის რისკებს გაზრდის მნიშვნელოვნად“, - განმარტა თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა.

კითხვაზე - ხომ არ მოუწევს ეროვნულ ბანკს კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი ინტერვენციების გაკეთება, ალექსანდრე ბლუაშვილი პასუხობს რომ მათი ვარაუდით, ეროვნულ ბანკს შესაძლოა ინტერვენციების გაკეთება უფრო აქტიურად მოუწიოს.

„ტურიზმში შემოდინებების გაუარესებული პროგნოზებიდან და ამავდროულად ქვეყნის შიგნით მოთხოვნის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, იმპორტიც უფრო სწრაფად გაიზრდება, ამის ფონზე ეროვნულ ბანკს, შესაძლოა, უფრო აქტიური ინტერვენციების გაკეთება მოუწიოს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ როგორც მთავრობის მოზიდული სახსრები ასევე ეროვნული ბანკის მიერ მოზიდული სახსრები საშუალებას იძლევა, რომ ეს დანაკლისი მეტწილად შეივსოს თუ კი რა თქმა უნდა სწორად და დროულად მოხდება ამის გამოყენება“, - აღნიშნა თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა.