მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - კობა გვენეტაძის პასუხი

63da2f4b4e325
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.23 13:31
1419
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში მყარდება. 30 იანვრისთვის 1 დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი იყო. ბოლოს ეროვნული ვალუტა ასეთი მყარი 2019 წლის თებერვალში იყო.

რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გამყარებაზე - ჟურნალისტების ამ კითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს.

"ლარის გამყარებას ან გაუფასურებას ბევრ ფაქტორს მიაწერდნენ ხოლმე, მაგალითად იმას, რომ ლარის მასა გაიზარდა, ან ეროვნულმა ბანკმა შესყიდვები გააკეთა. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არარელევანტურია, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება. მაგალითად, როცა 2019 წელს ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, ამის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვა იყო, რაც დიდი ალბათობით ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებას ნიშნავდა, ამავე პერიოდში სავაჭრო ემბარგოს რისკიც არსებობდა. ამიტომ მოლოდინი გაჩნდა, რომ სავალუტო შემოდინება შემცირდებოდა და აქედან გამომდინარე, კურსი გაუფასურდა. იგივე მდგომარეობა იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც მობილობა და ტურიზმი გაჩერდა, ამასაც გაუფასურება მოჰყვა.

დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს - მოხდა ექსპორტის და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის პირობებში კურსის შენარჩუნების კონკრეტული დონე, ან რაღაც ნიშნულზე შეჩერება არ შეუძლია.

„აქ ისმის კითხვა - რატომ ვახორციელებთ სავალუტო ინტერვენციებს, რაც ადეკვატურია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ ე.წ. არაორდინალური ბაზრის ჩავარდნა მოხდეს და სავალუტო ბაზარმა არ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სავალუტო ბაზარს დროდადრო ვაწვდით ვალუტას, 2020 წელს 916 მლნ გავყიდეთ, თუმცა ეს არასდროს ცვლის იმ კურსს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო საშუალებაა მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, რათა არსებული შოკები შთანთქოს. აქამდე თუ ნეგატიურ შოკებზე ვსაუბრობდით, ახლა პოზიტიურ შოკებზე ვსაუბრობთ. ამან საშუალება მოგვცა სავალუტო რეზერვები შეგვესყიდა, გაგვეძლიერებინა, რაც Fitch-ის ბოლო შეფასებაშიც აისახა, როცა პერსპექტივა პოზიტიურისკენ შეიცვალა. შესაბამისად, ეს ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რაც კურსის ცვლილებაზე მოქმედებს“, - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თუ ჩვენ მოკლე ვადაში შევზღუდავთ რყევებს, გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას მივიღებთ. "თუ მოკლევადიან პერიოდში კურსს მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6518 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.02 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8711 ლარი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები