მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შეუშვეს BMG-ის ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში - მინისტრის პასუხი

631f1b59b62e3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.22 15:31
1216
დღეს, BMG-ის ჟურნალისტი და ვებგვერდ BM.GE-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს და განუმარტეს, რომ მთავრობის სხდომების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციებზე რეგლამენტს არღვევდა და იმაზე მეტ კითხვას სვამდა ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. მათი განცხადებით, აღნიშნული „დარღვევა“ ადმინისტრაციაში წარმოებული დაკვირვების შედეგად დადგინდა. აღნიშნულის შესახებ თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან არც გაფრთხილება და არც შენიშვნა არ მიუღია.

BMG-ის ჟურნალისტი კი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მისი არდაშვების მიზეზად, პარასკევს სამთავრობო განკარგულებების გამოუქვეყნებლობის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ გასული მის მიერ მომზადებულ სიუჟეტი იყოს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხეს - რატომ არ დაუშვეს ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში და ხომ არ უკავშირებდა ეს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან მიიღო და ამაზე განმარტებები მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს.

„ეს ინფორმაცია თქვენგან მივიღე და ბუნებრივია ადმინისტრაცია გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით - რატომ მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი.

არ მგონია მისი (თელარა გელანტიას) არ შემოშვება ამ კონკრეტულ სიუჟეტს უკავშირდებოდეს, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაცია ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. კონკრეტულ მედია საშუალებას ფინანსთა სამინისტროსთვის კითხვების დასმის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. არ მგონია ისეთი შეკითხვა იყოს დასმული ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებით, რომელსაც პასუხს ვერ გავცემთ და შესაბამისად, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ვინმეს ფინანსთა სამინისტროსთან კითხვების დასმა არ შეუძლია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს ამასთან დაკავშირებით მოვისმენთ ადმინისტრაციის განცხადებას და შემდეგ შეიძლება შეფასება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.