საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებულ კითხვებზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია მსჯელობა არა მხოლოდ კანონპროექტის სათაურზე, არამედ მის შინაარსზე. თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ფინანსთა მინისტრი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატები, რომლებიც კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, მხოლოდ სათაურს კითხულობენ, ხუციშვილი პირდაპირ პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ასევე არ დააკონკრეტა ლაშა ხუციშვილმა პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა დარეგისტრირდეს უცხოური ძალის გავლენის გამტარებლად არასამთავრობო, ან მედია ორგანიზაცია მხოლოდ და არა ხელისუფლება თუნდაც იმის გამო, რომ ბიუჯეტი საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ლაშა ხუციშვილის პოზიცია ასეთია:
- საუბარი არ არის ვინმესთვის აგენტის იარლიკის მიკრობაზე, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავცდეთ სათაურს, სადაც აგენტი ნამდვილად არ არის მოხსენიებული და დავიწყოთ საუბარი შინაარსზე - თუ იქ რაიმე ისეთი მუხლი არის, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს ან მედიას, ბუნებრივია, დისკუსია უნდა გაიმართოს ამ მუხლებზე. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ სათაურის გარდა, არაფერზე არ მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მუხლთან ან რეგულაციასთან მიმართებით, თუკი რისკი არსებობს, რომ რაიმე შეფერხება ან საფრთხე შეექმნას რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე მედიას, ამაზე უნდა იქნეს დისკუსია და ამისთვის არის პარლამენტი, სადაც კანონის ინიცირება მოხდა და განხილვაც იქნება დეტალური. მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იქნეს არგუმენტები კონკრეტულ მუხლებზე. უნდა გავცდეთ სათაურს, მათ შორის პარტნიორებთან მიმართებითაც. თუ ისინი ხედავენ რომელიმე პუნქტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას რაიმე ტიპის დაფინანსებას, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და არა მხოლოდ სათაურზე. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი ამ კანონპროექტის განხილვის დროს შინაარსობრივი მსჯელობა იქნება.
- თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია სათაურს გავცდეთ და შინაარსს ჩავხედოთ. ამ დღეებში ალბათ წაიკითხავდით ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც არ გამორიცხავენ კანდიდატის სტატუსამდელ პოზიციას დაუბრუნდეს საქართველო, აშშ-მა უკვე მესამე განცხადება გაავრცელა და გვითხრეს, რომ ეს კანონი ნიშნავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. თქვენ ფიქრობთ, რომ მათაც მხოლოდ სათაურები წაიკითხეს?
- ყოველ შემთხვევაში თქვენ მოისმინეთ, რომ კონკრეტულ რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადებაში რამე ეწეროს? მე ვერ წავიკითხე...
- ფიქრობთ, რომ პარტნიორებმაც მხოლოდ სათაურები წაიკითხეს და ვერ გაუგიათ რას აკეთებთ?
- მაგ განცხადებებში, რომელიც თქვენც მოისმინეთ და ჩვენც, რაიმე კონკრეტული რეგულაცია არის მითითებული, რომელმაც შეიძლება საფრთხე შექმნას? შესაძლებელია, მომდევნო პერიოდში შეიქმნას, ამაზე იყოს მსჯელობა, თუმცა ჩემი მოწოდება იქნება ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ღელავს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ უფრო შინაარსზე იყოს მეტი მსჯელობა, თუ რა არის მიუღებელი კანონპროექტთან მიმართებით და ამაზე წარიმართოს მსჯელობა, ესა თუ ის რეგულაცია შეზღუდავს თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან მედიის საქმიანობას.
- წელს საქართველოს ბიუჯეტი საერთაშორისო პარტნიორებისგან 266 მლნ ლარის გრანტს იღებს, ევროკავშირისგან, მსოფლიო ბანკისგან, აზიის ბანკისგან. თუ თქვენ არ უნდა გერქვათ უცხოური ინტერესების გამტარებელი მთავრობა, რატომ უნდა ერქვას ეს ავტომატურად მედიას, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც გრანტებს სხვადასხვა მიზნით იღებენ? იქნება ეს დევნილების უკეთესი ყოფა, სოფელში ახალგაზრდების გააქტიურება და ა.შ.
- ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც არის ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოში და თქვენ საუბრობთ ამაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოში.
- თქვენ უცხოური ძალის გავლენის მატარებელი ხართ? თქვენს მიერ ბანკებით და სესხებით მიღებული თანხა შეუდარებლად დიდია არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებულ თანხასთან. არასამთავრობოებს მოუწევთ რეესტრში დარეგისტრირება.
- ყველა გრანტი, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციას აქვს მიღებული, დარეგისტრებულია და საჯარო.
- როცა USAID-ისგან ფულს იღებთ, უცხოური ძალის გამტარებელი ხართ? ხომ არ ხართ? ჩვენ[მედია, არასამთავრობო სექტორი] რატომ უნდა ვიყოთ?
- საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა და უნდა გასაჯაროვდეს ის ფინანსური ანგარიშგებები, რომელიც დღეს არ ქვეყნდება. ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთი რისკები არ დგას. სახელმწიფოსთან მიმართებით გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვერანაირი კითხვა ვერ დაისმება.
საკითხზე ლაშა ხუციშვილთან მედიას კითხვები კიდევ ჰქონდა, თუმცა მან აღარ უპასუხა.