მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგარიში გავუწიეთ შეცდომაში შეყვანილი ადამიანების მოსაზრებას - კობახიძე ე.წ. "რუსული კანონის" შესახებ

პრემიერი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვას უპასუხა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაც პარლამენტმა საზოგადოების და უცხოელი პარტნიორების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია.

კობახიძის განცხადებით, ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის ზრდა, თუმცა კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და მისი უკან გაწვევა მოხდა.

“ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს ტერმინოლოგია, რუსული კანონი და კითხვა დასვა, ხვალ რომ დაინიცირდეს ასეთი კანონი დავუჭერდი თუ არა მხარს. პირველ რიგში, ეს კანონი იყო იმ კანონზე რბილი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვიდრე მოქმედებს ამერიკაში. რაც დაინიცირდა, ქართული ვერსია, ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა. კანონი იყო მაქსიმალურად რბილი და ეს იყო ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა, ვიდრე აქვთ დაკისრებული პარტიებს კვარტალური ინფორმაციის წარდგენა. ფაქტია, რომ ვიღაცებისთვის ეს აღმოჩნდა მტკივნეული და არც თუ უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ვიღაცებს ჰქონდათ ბევრი რამ დასამალი. დღეს ჩვენ მხოლოდ ყურმოკვრით ვიგებთ, ვინ საიდან ფინანსდება, მათ შორის კონკრეტული ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან. გამჭვირვალობა არის ნული. ობიექტურად, საზოგადოების ინტერესებშია ის, რომ ნებისმიერი სუბიექტის დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. იცით, რომ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ადამიანების მოსაზრებას, ვინც შეცდომაში იყო შეყვანილი და კანონი წაკითხული არც ჰქონდა. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვინც შეცდომაში არის შეყვანილი, ეს იყო ჩვენი მიდგომა, როდესაც ეს კანონი გავიწვიეთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.