მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დასჭირდება საქართველოს ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა

5dfb7704475aa
დავით ჯალაღონია
19.12.19 20:50
1212
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს საქართველოს მდინარეებში წყლის დონე გარკვეულწილად შემცირებულია, რაც ენერგოსისტემისთვის გამოწვევაა.

„ეს რა თქმა უნდა გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევაზე - ამ ზამთრის განმავლობაშიც და სხვა თვეებშიც, უფრო მეტ იმპორტს შემოვიტანთ, უფრო მეტს ვამუშავებთ თბოსადგურებს, ამ კუთხით რაიმე პრობლემა ენერგეტიკაში არ გვექნება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ამ გამოწვევების ფონზე, ჰესების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„მთლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა, იმ ჰესების განხორციელება, რომლებიც გადასულია სამშენებლო ეტაპზე, არსებული გეგმების მიხედვით მიმდინარეობს.

„ნენსკრა ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, თუმცა შეიძლება, ამ დღეებში უკვე გაფორმდა. მომავალი წლიდან „ნენსკრას“ პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავა. ასევე, „ნამახვანთან“ დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პარასკევს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა წყალტუბოში, სადაც ინვესტორმა კომპენსაციების გამოთვლის პროცესი უკვე დაიწყო, ასევე, ნებართვების (გაცემის) პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ვფიქრობთ, თებერვალ-მარტში ეს პროექტიც გადავა მშენებლობის ეტაპზე და ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს მისი მშენებლობა“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება.

ამ 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ. რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა.