მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დგას რიგები ფოთის პორტთან - კლაუს ლოურსენის განმარტება

5dea38f6ac98d
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 15:30
1949
კონტეინერების რაოდენობის მკვეტრი ზრდის გამო, ფოთის პორტში რიგებია, მოქალაქეები საკუთარი ტვირთების მომსახურებას დღეობით ელიან. დღეს, პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა განაცხადა, რომ ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების იმპორტის შესამჩნევი ზრდაა, კონტეინერებიდან ავტომობილების გადმოტვირთვა კი ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ სამუშაოს პორტის წარმომადგენლები ყოველთვის დიდი სიფრთხილით ასრულებენ. გაზრდილი რაოდენობის ფონზე კი, პორტი ვერ ახერხებს დროულად მოემსახუროს ყველა მომხმარებელს.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 439,388 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.

"ერთ-ერთი მიმართულება, რაც ძალიან სწრაფად გაიზარდა, არის მეორადი ავტომობილების იმპორტი. მოგეხსენებათ, ოთხი ავტომობილი არის ერთ კონტეინერში განთავსებული და ჩვენ მომხმარებლებს ავტომობილების კონტეინერებისგან დაცლის სერვისს ვთავაზობთ. ეს საკმაოდ სახიფათო საქმეა, რასაც დიდი ყურადღება ესაჭიროება. ზრდა იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი სიმძლავრეები, რათა მათ დროულად მოვემსახუროთ. სამწუხაროდ, ამან გარკვეული დაგვიანებები გამოიწვია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მათი ავტომობილების წაყვანა სურთ.

2019 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან მიმართებით, რათა ეს სერვისი უფრო სწრაფი გაგვეხადა.

შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო წლიდან აღნიშნული შეფერხებები და დაგვიანებები მნიშვნელოვნად შემცირდება,”- განაცხადა კლაუს ლოურსენმა.

ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, საქსტატის რიცხვებიც ადასტურებენ. 2019 წლის 10 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ $522.4 მილიონს მიაღწია, რაც 2018 წელთან შედარებით მთელი 65%-ით მეტია.