მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტიციების წილი 90%-მდე - საქსტატის განმარტება

604a30c2e19f5
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.21 19:12
957
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ტურიზმის განვითარების ფონდის, ასევე სხვა კომპანიების ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა იყო, რადგან თუკი წარსულში ეს კაპიტალი პირდაპირ ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნოდა მათი მფლობელი ქართული იურიდიული პირი გახდა. მესაკუთრის ცვლილების გამო კაპიტალი, რაც შექმნილი იყო ოფშორული კომპანიის მიერ, გადავიდა ქართული იურიდიული პირის საკუთრებაში, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში $340-მილიონიან კლებაში აისახა. საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.

ინვესტიციებში რეინვესტიციების ასეთი მაღალი წილის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ რეინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო იმით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 2020 წელს შემცირდა. 

"რეინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო დონე არის შემცირებული, FDI 617 მილიონია და ამ 617 მილიონში არის გაზომილი რეინვესტიციის მაჩვენებელი, რომელიც 90 პროცენტის ტოლია. 2019 წელთან შედარებით კი რეინვესტიციის მაჩვენებელი შემცირებულია 11%-ით. რეინვესტიციის მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო საფინანსო სექტორში და დაბალი დონე დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
სს RMG Copper
შპს RMG Gold
სს დარიალი ენერჯი
სს მეტრო ავრასია ჯორჯია
შპს ენკა რინიუებლზ
სს საქართველოს კაპიტალი
სს ბიჯეო ჯგუფი

(საქსტატის მონაცემები თანმიმდევრობის მიხედვით არ არის წარმოდგენილი).

ეკონომიკის სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები - მინუს $221 მილიონი, 2019 წელს კი სექტორში $120 მლნ ჩაიდო (კლება $341 მლნ)
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%

ინვესტიციების ზრდა იყო საფინანსო სექტორში, სადაც მატებამ 47% შეადგინა. ასევე სამთო მოპოვებით სექტორში, სადაც $101 მილიონი დოლარი ჩაიდო:

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%

საქსტატის თანახმად, ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციები $49 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლიურ ჭრილში კლება 84%-ია.