16.ოქტომბერი .2019 21:56

რატომ მისცა რუსეთმა S7-ს საქართველოში ფრენის უფლება: "როსავიაციის" განმარტება

views 5993
უკან

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოში განმარტეს, თუ რატომ მისცეს ავიაკომპანია S7-ს ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსთან რუსეთს შეწყვეტილი აქვს. როგორც რუსულ მედიას სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, ავიაკომპანია იღებს ან იხანგრძლივებს ფრენების უფლებას, რათა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში რეისების განხორციელება დაიწყოს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ავიაკომანია S7-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების უფლება მიეცა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით კვირაში შვიდი რეისის შესრულების შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, მოსკოვმა საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიებს რეისების განხორციელება ზაფხულში თბილისში დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ აუკრძალა. გასულ თვეს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ავიარეისებს აღადგენდა.