მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა მნიშვნელოვანი და რას შეცვლის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი - Galt&Taggart

5e513181e97ef
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 20:30
1987

"დღეს რა პრობლემაც გვაქვს ქვეყანაში, ესაა ის, რომ გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა რთულია - საინვესტიციო ფონდები ამის საშუალებას მოგვცემს", -  ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ Galt&Taggart მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ფონდების კანონპროექტი ბაზარზე ახალ სტანდარტებს დანერგავს, რაც ხელ შეუწყობს დამწყებ თუ უკვე კარგად განვითარებული ბიზნესებს.

„ამ კანონით რისი საშუალებაც გვიჩნდება, არის შემდეგი: ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც მზად არის ფული ჩადოს რისკიანობაში, შეძლებს იპოვოს ამ ტიპის პროექტები. მაგალითად, მე ვიწყებ დღეს ბიზნესს, ანუ სტარტაპი ვარ, ბანკიდან სესხს ვერ ავიღებ იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს უზრუნველყოფა, ბანკი ვერ მენდობა, ამიტომ ვპოულობ ინვესტორს, რომელიც იძახის, რომ რეალურად მე თქვენი სექტორი მაინტერესებს, მზად ვარ ეს რისკი ავიღო ჩემზე, მე არ ვარ მარტო - ჩვენ ვართ 100 ან 20 კაცი, ასევე გვყავს აქტივების მმართველი, რომელსაც ესმის ჩვენი ბიზნესი ჩვენზე უფრო მეტად, ამიტომ ჩვენგან აკრიფავს თანხას. ჩვენ გავრიგდებით აქტივის მმართველთან; ის წყვეტს სად, როდის და რა ფორმით ჩადებს ფულს და თქვენ გააგრძელებთ მუშაობას. ანუ რეალურად პატარა ინვესტორებიდან აიკრიფება თანხა და მიზნობრივად დაიხარჯება იმ მიმიართულებაში, რაც მე რომ მარტო ვყოფილიყავი მენდომებოდა, რომ ჩამედო, უბრალოდ ამ მიმართულებით არც დრო მაქვს, არც კვალიფიკაცია, ამიტომ ვენდობი კვალიფიციური აქტივის მართველს. სქემა როდესაც აეწყობა გამოვა ისე, რომ ეს ნებისმიერ სფეროში ფულის სწორად ალოცირებას შეუწყობს ხელს.

ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ინვესტორების ახალი ტიპი გაჩნდება ბაზარზე. არის შემთხვევები როდესაც კომპანია არსებობს, მზარდია და განვითარების ახალ ეტაპზე უნდა რომ გადავიდეს, მაგრამ აკლია კაპიტალი და იძახის, რომ აი, მე კი მინდა, რომ კაპიტალი მოვიზიდო, მაგრამ არ მინდა რომ ერთი-ორი ინვესტორი შემოვიდეს, რთულია მასთან დაჯდომა... აქედან გამომდინარე, ჩნდება ფინანსური ინსტიტუციონალური ინვესტორი. ის შემოვა, მისი კაპიტალი თავის საქმეს გააკეთებს, ამონაგებს აიღებს და მაგალითად, 7 წელიწადში გავა უკან. სხვა დინამიკაში გადავდივართ საერთოდ. როდესაც ასეთი სქემა ეწყობა, თამაშის წესები ყველას უნდა ესმოდეს. ანუ დაცული უნდა იყოს ინვესტორი და დაცული უნდა იყოს კომპანია, სადაც იდება ფული; 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია საგადასახადო ნაწილი. აქამდე ჩვენ არ გვქონდა ჩარჩო. ამ კანონმდებლობით თქვენ იგივენაირად დაიბეგრებით, როგორც მარტო რომ ჩაგედოთ ფული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. ფონდში ფულის ჩადებით თუ არჩადებით არ უნდა განისაზღვრებოდეს დავიბეგრები თუ - არ დავიბეგრები“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

Galt&Taggart მმართელი დირექტორის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ინვესტიციების მოძიებას და მოზიდვას - როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.

„ფონდების კანონმდებლობა არ ეხება მხოლოდ ინვესტირებას საქართველოში. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა გაჩნდება ქართული ფონდები, გაჩნდება ინვესტორები უცხოეთიდან, ინსტიტუციონალური ფული გაჩნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ფული არის გრძელვადიანი. დღეს რა პრობლემა გვაქვს ქვეყანაში - გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა რთულია, ფონდები კი, ამის საშუალებას მოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კომპანიის ზრდისთვის. არის გარკვეული ტიპის კომენტარები, რომლებიც ჩვენ უნდა გავიაროთ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამის გამო ამ კანონპროექტს არსებობის უფლება უნდა დავუკარგოთ. ეს კანონპროექტი უნდა მივიღოთ, იქნება განხილვები და ჩვენ დავესწრებით ამ განხილვებს“, - განმარტა Galt&Taggart მმართელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი გასულ კვირას მოიწონა. დოკუმენტის განხილვები მალე პარლამენტში დაიწყება. კანონს, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.