"უფრო მეტ ალბათობას იმას ვანიჭებთ, რომ ხვალინდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩება", - ასეთი Galt&Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის პროგნოზი რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით.
საქმე ისაა, რომ 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.
"საქმიან დილაში" სტუმრობისას ლაშა ქავთარაძე იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც შესაძლოა რეფინანსირების 8.25%-ზე არსებული განაკვეთის ზრდა ან უცვლელად დატოვება განაპირობოს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ წელს განაკვეთი საერთოდ არ გადაიხედოს.
"ვფიქრობ, ხვალინდელ სხდომაზე ცოტა აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მათ შორის იქნებიან წევრები, რომლებიც მონეტარული პოლიტიკისა გაზრდას დაუჭერენ მხარს და ეს შეიძლება ორი ფაქტორით ავხსნათ: ერთი ის, რომ ფუნდამენტური ფაქტორები რაც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, ეს არის ძირითადი ინფლაცია, საბაზო ინფლაცია, მომსახურების ინფლაცია, ადგილობრივი ინფლაცია, აქ ტენდენცია არ გაუარესებულა. თუმცა არის მეორე ფაქტორი და ეს გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ის, რომ ფედი საპროცენტო განაკვეთს ზრდის, სექტემბერში გაზარდა, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ ერთ ზრდას გააკეთებს, ეს ჩადებული არის მათ პროგნოზებში და ფაქტობრივად გარემოებაც გლობალურად ისეთია, რომ ამის ალბათობა ძალიან დიდია. აი ამ ფონზე, რომ ლარისა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა არ შემცირდეს და იმ დონეზე დარჩეს, რომ ლარში ინვესტირება კვლავ დარჩეს მიმზიდველი, ამ მიზნით შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა ტექნიკურად გადაწყვიტოს, რომ მონეტარული პოლიტიკა გასაზრდელია. თუმცა ამას ახლა გააკეთებენ თუ მომდევნო სხდომაზე, ეს ხვალ გამოჩნდება.
ასევე, იმასაც ვუშვებ, რომ შესაძლოა საერთოდაც არ მოუწიოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წელს. FED თუ მაგალითად პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის და ჩვენ არ გავზრდით, სპრედი დაახლოებით 4 პროცენტული პუნქტი იქნება. ეს მაინც მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ტრენდი გვექნება საშუალოვადიან პერიოდში. ასევე სავალუტო ფონდის გარეშეც ადგილობრივი და უცხოური ინვესტორები უყურებენ, რომ საერთაშორისო რეზერვები მაღალია, ეროვნული ბანკი აგრძელებს კიდევ მის დაგროვებას და არ არის გამორიცხული წლის ბოლოს $9 მილიარდს მიაღწიოს, კიდევ გაგრძელდეს მომდევნო წელს. ამიტომ ამ ფონზე, ასე ვთქვათ, შესაძლოა, ეროვნული ბანკი კვლავ იქითკენ წავიდეს, რომ არ მოახდინოს ფინანსური გამკაცრება ქვეყანაში", - თქვა ლაშა ქავთარაძემ.
























