ისევ მონაცემებზე დაფუძნებით თუ წავიდა ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, - ასეთია „გალტ ენდ თაგარტის“ მოლოდინი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომამდე 1 დღით ადრე.
საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას მაკრო ინდიკატორები გააანალიზა და აღნიშნა, რომ ე.წ მეორადი რაუნდის ფაქტორები არ გამოკვეთილა, თუმცა მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია წამყვანი ცენტრალური ბანკების მოლოდინები და მათი გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლოა სებ-ის პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა.
„მაისში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა პოლიტიკის განაკვეთი, მაშინ მიუთითებდა, რომ თუ ის დაინახავდა მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, მაშინ მზად იყო კიდევ დამატებით გაეზარდა განაკვეთი. ახლაც გვაქვს ივლისის და აგვისტოს ინფლაციის მონაცემები. ინფლაცია მაღალია, 5,6% შეადგინა აგვისტოში, თუმცა თუ დეკომპოზიციას შევხედავთ, მეორე რაუნდის ეფექტების ნიშნები არ იკვეთება. ანუ ისევ მონაცემებზე დაფუძნებით თუ წავიდა ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო ცენტრალური ბანკების მოლოდინები. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. მოლოდინია, რომ მანამდე FED-ი სექტემბერში გაამკაცრებს პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენი ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთის სპრედი დავიწროვდება ჩვენსა და FED-ს შორის და ლარში ინვესტირება ნაკლებად მიმზიდველი გახდება, შეიძლება ეს ფაქტორი გახდეს გამკაცრების საფუძველი. თუმცა ნაკლებად ველოდები, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხვალ მოხდება. უფრო მომდევნო პერიოდშია მოსალოდნელი“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ
მისივე თქმით, მაისში გამკაცრების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა სავალუტო ბაზრიდან შესყიდვები, რაც ზრდის ლარის მიწოდება ანუ ლიკვიდობის მიწოდებას კომერციული ბანკებისთვის. როდესაც მიწოდება გაიზარდა სავალუტო შესყიდვების გზით, რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. (წლის დასაწყისში თუ იყო 4,2 მილიარდი, აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდა 300 მილიონ ლარამდე) ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რათა ჭარბი ლიკვიდურობა დააბალანსოს და ეს არ გადავიდეს ინფლაციაში.




























