მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რერა" ახალ საწარმოს გახსნის

5eca8dba980f1
ნუცა ბაზლიძე
24.05.20 18:37
3912
ბრენდი „რერა“, რომელიც ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით არის წარმოდგენილი, ივნისში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. პროექტში ინვესტიციის სახით დაახლოებით 1 მილიონი ევრო ჩაიდება. თანხის ძირითად ნაწილს დამფუძნებელთა სახსრები შეადგენს, რაც აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციას მოიაზრებს, თანხის მეორე ნაწილი კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებას გულისხმობს. საწარმო ტერიტორიულად, დიდ დიღომში დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ვფართოვდებით, ახალი საწარმო ავაშენეთ, რომლის საშუალებითაც, უკვე თვეში 300 ტონა პროდუქციის წარმოების საშუალება გვექნება. ამას მოთხოვნის მიხედვით განვსაზღვრავთ. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, დამატებით ინვესტიციებს ველოდებით“, - აღნიშნავს „რერას“ გაყიდვების მენეჯერი ნიკა ლომიძე.

მისივე განმარტებით, „რერას“ პროდუქცია ქსელურ მაღაზიებსა და ე.წ უბნის მარკეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება.

როგორც „რერას“ გაყიდვების მენეჯერი განმარტავს, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ეს თვეში დაახლოებით 150 ტონა პროდუქციას მოიაზრებს. ამასთან, მისი განმარტებით, მიმდინარე პერიოდში გაყიდვები გაიზარდა.

„ხდება შოკური გაყინვა -40°-ზე, რის გამოც ბაქტერია პროდუქტში ვერ ხვდება. მომზადებისას კი პროდუქტი იხარშება და თერმულად მუშავდება. გასათვალისწინებელია, რომ +70°-ზე ბაქტერია ვერ ძლებს“, - განმარტავს ნიკა ლომიძე.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც ნიკა ლომიძე აღნიშნავს, სირთულე ნედლეულის ფასის ზრდის კუთხით გამოიკვეთა.

„ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ნედლეულზე ფასები საკმაოდ გაიზარდა ყველა იმ ქვეყანაში, საიდანაც იმპორტს ვახორციელებთ; თუმცა, ჩვენ ძირითად პროდუქტებზე ფასი არ შეგვიცვლია“, - აღნიშნავს „რერას“ გაყიდვების მენეჯერი.

ნიკა ლომიძის თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარებაზეც მოახდენს გავლენას.

„წელიწადში 1 მილიონი ლარის რძის პროდუქტებს ვყიდულობთ, ეს მონაცემი 2020 წლის ბოლოს 5 მილიონი ლარი გახდება“, - განმარტავს ნიკა ლომიძე.

ცნობისთვის: „რერა“ 2016 წლიდან ოპერირებს. ის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ამოქმედდა. ამ ეტაპზე, მოქმედი წარმოების ფარგლებში „რერაში“ დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.