მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ლურჯი მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი

64a54bbac8f8b
BM.GE
05.07.23 14:52
604
სტატიაში საუბარია:
ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია, დააკავშიროს ქართველი აგრომწარმოებლები გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოტენციურ მყიდველებთან.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბაზარზე 36 ტონა პრემიუმ ხარისხის ქართული მოცვი შევიდა და ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში, მათ შორის Rewe-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, „რევე“ გერმანიის ტერიტორიაზე 3 600 ფილიალითაა წარმოდგენილი.

სეზონის დასრულებამდე, გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზე, დაგეგმილია ქართული მოცვის დამატებითი მოცულობის შეტანაც.

გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში ქართული მოცვის შეტანის პროცესს წინ უძღოდა საერთაშორისო შემსყიდველების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საერთაშორისო შემსყიდველებმა დაათვალიერეს საწარმოები და ინდივიდუალურად შეხვდნენ მწარმოებლებს B2B შეხვედრების ფარგლებში. ასევე, ქართული კომპანიებისთვის საწყის ეტაპზე მომზადდა მარკეტინგული მასალები, რათა მათ საკუთარი წარმოების შესახებ, სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის.

ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა ქართული მოცვის გარდა, სხვა აგრო პროდუქტებზეც ვრცელდება, მათ შორის კაკლოვან კულტურებსა და გადამუშავებულ პროდუქციაზე.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები