მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რიგი კლინიკები მილიონობით ლარით დავაჯარიმეთ“ - ილია ღუდუშაური

6397354d88e4e
ელენე გოგბერაშვილი
12.12.22 18:28
2671
ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. საქმეების დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე bm.ge-სთან ამბობს, რომ კლინიკების ნაწილმა თანხა სამინისტროს უკან უკვე დაუბრუნა.

COVID-ის მართვის პროცესში კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე რამდენიმე თვის წინ პირველად ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, რამდენიმე კლინიკაში კი სამინისტრომ დაადგინა, რომ დირექტორი და მისი მოადგილეები ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე თავად იზრდიდნენ ხელფასებს.

ილია ღუდუშაური ჩვენთან ინტერვიუში კონკრეტულად არ ამბობს, რამდენი კლინიკა ჯამში რამდენით დააჯარიმა სამინისტრომ, თუმცა მინისტრის მოადგილის განმარტებით, რიგი კლინიკები მილიონობით ლარით დასანქცირდნენ, საქმეების ნაწილი კი სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

„საერთო ჯამში ასეულობით კლინიკა იყო ჩართული COVID-ის მართვაში, ბევრი მათგანი შევამოწმეთ და კონკრეტული დარღვევები სადაც იყო, ჯარიმებიც გამოვწერეთ. ზოგიერთმა კლინიკამ, მაგალითად, აღიარა ის შეცდომა, რაც დაშვებული იყო და უკან დააბრუნა თანხა. გამოწერილ ჯარიმებზე სასამართლო დავები მიმდინარეობს. კლინიკების ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, თუმცა საკმაოდ ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმების რაოდენობა [სასამართლომ] ან შეამცირა, ან გაზარდა და ა.შ. საერთო ჯამში პროცესს მივყვებით. ვფიქრობთ, რომ ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს გამარჯვებით დასრულდება.

საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებზეა საუბარი, რიგი კლინიკები მილიონობით ლარით იქნა დაჯარიმებული, თუმცა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა ეს ჯარიმები დარჩება თუ შემცირდება.

ზოგიერთ კლინიკაში ახლაც მიმდინარეობს შემოწმება. ბოლომდე შევამოწმებთ იმ თანხებს, რომელიც COVID-ის მიმართულებით იქნა დახარჯული“,-ამბობს ილია ღუდუშაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები