"როგორც covid-შემთხვევებისგან ვერ იქნება იზოლირებული ქვეყანა, ანალოგიურად ვერ იქნება ინფლაციის შემთხვევაშიც", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვას ორნიშნა ინფლაციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოშია.
„დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდისგან ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან, ანალოგიიურად ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, რადგან კოვიდის თანმდევი ეკონომიკური მოვლენა არის ინფლაცია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც.
მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით; ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს საკითხი არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესში. ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოსთვის არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
2021 წელს ფასები 13.9%-ით გაიზარდა. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.6%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.8%); ტრანსპორტი (17.3%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (14.0%) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (43.5%), ეს უკანასკნელი ჯგუფი ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგად გასულ წელს ფასები 36,5%-37,4%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო შემცირებულ ფასებთან შედარებით 2021 წელს მკვეთრად გაიზარდა და 3.64%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.