საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელება მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
„ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე. მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად რეალიზდა.
ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, "გალტ & თაგარტი" 2023 წლის საშუალო ინფლაციას 5.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი მოელის, რომ ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.