მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა მონაცემებზე დაყრდნობით დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

5e87043073ba4
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 13:38
4049
მთავრობა იმ მოქალაქეებს დაეხმარება, ვინც არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს სამსახურებს დაკარგავს. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ამ დახმარების ბიუჯეტის და ბენეფიციართა რაოდენობის განსაზღვრა მოხდება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდება ცნობილი თუ როგორ შემცირდა მარტის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხელფასი აიღეს. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მარტში უმუშევრად დარჩენილთა შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აპრილის თვეში შეიტყობს, ხოლო აპრილში უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კი მაისში გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდება მოქალაქეთა დახმარება.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუ რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, პირველ რიგში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ დღეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება, ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით და ამდენი თვის განმავლობაში იქნება ეს საფუძველს მოკლებული, ეს იქნება რეალობისგან მოწყვეტილი. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას და კონკრეტული რაოდენობების დასახელებას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ აპრილის თვეში შეგვეძლება შევაფასოთ თუ აპრილის თვეში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ჩვენ პირველ რიგში, ვსაუბრობთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე. შესაბამისად, მხოლოდ აპრილის თვეში შევძლებთ ჩვენ იმის შეფასებას თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში. შესაბამისად, მაისში შევძლებთ შეფასებას იმისას თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აპრილში და ასე შემდეგ.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარებების პაკეტით რაც უკვე შევთავაზეთ ჩვენ ქართულ ბიზნესს, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამ სოლიდარული მონაწილეობის შედეგად ჩვენ მარტის თვიდან არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელმაც შესაძლოა დაკარგოს სამსახური. ჩვენ შევძლებთ, რომ შევაფასოთ დახმარების მოცულობა, დახმარების მიმღები პირების რაოდენობა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება თუ რამდენი იქნება ამ დახმარების მიმღები პირი,” - ამბობს ვიცე-პრემიერი.

კითხვაზე - თუ როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს დახმარება თვითდასაქმებული პირებისთვის, რომელთა შემოსავლებიც არსებულ ვითარებაში შემცირდება, ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ მოქალაქეთა ეს კატეგორია სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ სხვა შეღავათებში უკვე ექცევა, მათ შორისაა კომუნალური გადასახადების 3-თვიანი სუბსიდირება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 3 თვით გადავადება.

“რაც შეეხება თვითდასაქებულ პირებს, ვინც დაკარგეს შემოსავალი, ამ ნაწილშიც ჩვენ უკვე ვაჟღერებთ ყველა იმ შეღავათს, რომელიც ეხება მოქალაქეთა თუნდაც კომუნალური ხარჯების დაფინანსებას და ეს შეღავათი ჩვენ შევთავაზეთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მოხმარების დონეც შეესაბამება სოციალურად შეჭირვებული ფენის მოხმარებას, როგორც აღვნიშნეთ ეს დახმარება 1.2 მილიონ ოჯახზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებში შედიან ისინიც, ვინც არიან თვითდასაქმებულები და მათზეც ვრცელდება ის შეღავათები, რომლებიც ეხება კომუნალური გადასახადების გადახდას და ის შეღავათებიც, რომლებიც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უკვე შესთავაზეს მოქალაქეებს, რის ფარგლებშიც მათ 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ გადაავადონ სესხების გადახდა,” - ამბობს მაია ცქიტიშვილი.