მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაასუბსიდირებს სახელმწიფო ბიუჯეტი რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებს?

61c6ec3f4b6c7
დავით ჯალაღონია
25.12.21 14:15
811
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე იმედოვნებს, რომ რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ მან Forbes talks-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც 8 დირექტივა იყო, თავისი ვალდებულებების ჩათვლით. კომპანიის, ჩვენი მხრიდან, თითქმის ყველა ვალდებულების პროგრამა უკვე გავლილია და დასრულებული პაკეტია დადებული ეკონომიკურ გუნდში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში, წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება მგზავრთა გადაყვანის კომპენსაცია", – განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტმა 2022 წელს იტვირთოს, რკინიგზის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით დიდი მოლოდინია.

"კარგი იქნება, მოლოდინი დიდია. მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირება, კომპენსაცია – ეს არის სახელმწიფო ვალდებულება, როგორც ეს მეტროს და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე რიგ შემთხვევაში შიდა ავიაციის შემთხვევაში ხდება. მოლოდინი გვაქვს ამისა, რომ დროულად დაიწყება ამის კომპენსაცია, რომ ყველა შემოსული თანხა, რაც სატვირთო გადაზიდვებიდან გენერირდება, მოხმარდეს რკინიგზას, პირდაპირი მნიშვნელობით", – განმარტა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამგზავრო მომსახურების ტარიფების დაფინანსების ტვირთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადამისამართების მიზნით, "სარკინიგზო კოდექსში" ცვლილებები 2020 წელს ძალაში შევიდა. ცვლილებების საფუძველი სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ზოგადად, ევროპული გამოცდილება იყო, სადაც მგზავრებისთვის სარკინიგზო ოპერაციებს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო აფინანსებს.

სამგზავრო გადაყვანების ხარჯი "საქართველოს რკინიგზისთვის" წლიურად დაახლოებით 40 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია მოცემული, სადაც "საქართველოს რკინიგზის" კვაზი–ფისკალური საქმიანობა – სამგზავრო მომსახურების კომპენსაციაა შეფასებული. აქვე ფინანსთა სამინისტრო წერს, რომ კვაზი–ფისკალური აქტივობის არ არსებობის პირობებში, "საქართველოს რკინიგზა" 2020 წელს მოგებით დახურავდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზა სხვა დარგების მსგავსად, პანდემიამაც დააზარალა.

"სს "საქართველოს რკინიგზა" სამგზავრო გადაადგილების შეზღუდვამ 2020 წლის მარტი-ივნისის და ნოემბერ-დეკემბრის თვეებში მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით, მკაცრი ლოქდაუნის დროს, 2020 წლის მეორე კვარტალში, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა წლიურად დაახლოებით 20.0%-ით შემცირდა. ამასთან, გლობალურად გაძნელებული იყო გადაზიდვებიც. ჯამურად, პანდემიის გავლენით კომპანიამ საოპერაციო შემოსავლებში დაახლოებით 40 მლნ ლარის დანაკლისი განიცადა, საიდანაც 20 მლნ ლარის დანაკარგი მგზავრთა გადაყვანაზე, ხოლო 20 მლნ გადაზიდვების შემცირებაზე მოდიოდა", – წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.