მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება IMF-თან ახალი პროგრამა - ფინანსთა მინისტრის პასუხი

620a4590a4fdc
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.22 17:16
1247
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა. გასულ წელ მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან კონსულტაციები იმართებოდა, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება ფონდთან ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, არ თქმულა. სწორედ ეს ჰკითხა დღეს BMG-იმ ფინანსთა სამინისტროს, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

„IMF-თან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, სადაც განიხილება 2021 წლის შედეგები და ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობები”, - მოგვწერეს ფინანსთა სამინისტროდან.

თუმცა, განსხვავებულია ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის პასუხი, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა.

“IMF-ზე მინდა მკაფიოდ ვთქვა, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც იყო და იქნება პროგრამაში ჩადებული, ეს რეფორმები არის საქართველოში დაწერილი, რომელსაც იზიარებს IMF და ასახავს პროგრამაში.

რაც შეეხება სამომავლო პროგრამას, ეს უკვე გარკვეულწილად დასკვნით ეტაპზეა და იმ მომდევნო პროგრამაშიც, რომელიც ქვეყანას ექნება IMF-თან, სწორედ საქართველოში მომზადებული რეფორმები იქნება გაზიარებული ფონდის მიერ. ეს რეფორმები, რომლებიც არის განხორციელებული, არის საქართველოში მომზადებული,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

IMF-ის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო კომპანიების მმართველობის გაუმჯობესება და მათი კორპორატიზაციის ხელშეწყობაა. ეს საკითხი ფონდის წინა, ოთხწლიანი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იყო. მრავალმილიარდიანი ზარალი, კორუფციის და გაუმჭვირვალე მმართველობის რისკები და მსხვილი საკრედიტო ვალდებულებები, ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც ფონდი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ 2021 წლის დეკემბერში IMF-მა სახელმწიფო კორპორაციების მართვის სტრატეგიის დოკუმენტიც გამოაქვეყნა.

“ბოლო წლებში სს-ების გაუმჯობესებული გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიუხედავად, კვლავ არადამაკმაყოფილებელია მათი ფინანსური შედეგები. მართალია, გაუმჯობესებული გამჟღავნება/გამჭვირვალობა და მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ სს-ების საქმიანობის შედეგების გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ. აშკარაა, რომ სს-ების საქმიანობის შედეგების სასურველი ხარისხით გასაუმჯობესებლად საჭიროა კომპლექსური სამართლებრივი და ინსტიტუციონალური რეფორმის ჩატარება,”- ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

თუკი ქვეყანაში სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა დაიწყო, მთავრობას სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციისთვის არსებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, სავარაუდოდ სწორედ ეს არის ფონდსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების წამყვანი საკითხი.