მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგრამის აღდგენის კონკრეტული ვადების თქმა რთულია - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი IMF-ის შეჩერებული პროგრამის აღდგენის კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს და განმარტავს, რომ სამუშაო პროცესი გრძელდება და როგორც კი შეთანხმება მიღწეული იქნება, საზოგადოება შედეგებს გაიგებს. ამის შესახებ მან საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„IMF-ის პროგრამის აღდგენის კონკრეტული ვადების თქმა რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სამუშაო პროცესია და მუშაობა გრძელდება. პროგრამის გარდა ჩვენ გვაქვს სხვა ფორმატის თანამშრომლობა და შესაბამისად, სხვა ფორმატებში თანამშრომლობა გრძელდება.

რამდენიმე პუნქტია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საჯაროდ იყო გაცხადებული და მოლაპარაკებები კონკრეტულად ამ პუნქტებზე მიმდინარეობს“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.

IMF-ის პროგრამის შეჩერების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნულ ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. აღნიშნულ პერიოდში პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერის შეცვლა კი სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა.

2023 წლის მაისში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტოდადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე უნდა წარდგენილიყო. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.

2023 წლის 14 ივლისს კი Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გაირკვა, რომ IMF-ის დირექტორთა საბჭოზე IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცება შეფერხდა, რაც საქართველოს მიერ დაჩქარებულად მიღებულ კანონმდებლობას უკავშირდებოდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კი IMF-ის შეჩერებული პროგრამის აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენის შესახებ საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში პოტენციურ ცვლილებებს ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები