საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენის შესახებ საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი აქვთ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროგრამის აღდგენის შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმას შეეხებოდა.
ლევან დავითაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სსფ-ის პროგრამა შეჩერებულია და არა გაუქმებული. მისი თქმით, სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენის შესახებ ზოგიერთი საკითხი განხილვის პროცესშია და მათ შორისაა სებ-ის კანონში პოტენციური ცვლილებები.
„ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ზოგიერთი საკითხი განხილვის პროცესშია, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში პოტენციურ ცვლილებებს ეხება. ეს ცვლილებები რამდენიმე ხნის განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების პირობებში მზადდებოდა. ჩვენ ისედაც ვმუშაობდით იმ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესებას და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის შემოტანას, ეს იყო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა. დღეს სსფ-სთან გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კონსულტაციების პროცესს ვაგრძელებთ, მათ შორის საქართველოს მთავრობა პროგრამის სხვა საკითხებთან დაკავშირებით სსფ-ისთან ინტენსიურ დიალოგშია.
ვინარჩუნებთ რეჟიმს, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ მონაწილეობას მნიშვნელოვანი რეფორმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართულობას. ასე რომ ეს დიალოგი მიდის და ამ კუთხით პროგრესის მოლოდინი გვაქვს, რადგან ეს არის საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი სავალუტო ფონდთან. წლის განმავლობაში, ალბათ რამდენიმე ტექნიკური მისია გვეყოლება და მათთან დეტალურად განვიხილავთ საკითხებს და მათი ვიზიტებისას მედია და საზოგადოება მეტს გაიგებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
BMG-ის კითხვაზე - გულისხმობს თუ არა მინისტრი „პოტენციურ ცვლილებებში“, იმას რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, მინისტრმა ასე უპასუხა: „დიახ, გარკვეული ცვლილებები, რომელიც მმართველობის სტრუქტურას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მხოლოდ ამას არ მოიცავს მაგრამ საკანონმდებლო პროცესი საკმაოდ დინამიკურია, მათ შორის ეროვნული ბანკის შესახებ კანონშიც გარკვეული ცვლილებები დროთა განმავლობაში აქტუალური ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში ეს პროცესი სავალუტო ფონდის კონსულტანტებთან მიდიოდა, ახლაც მიდის დიალოგი და ვნახოთ, როგორი იქნება შეჯერებული დიალოგი, რათა ეს უკვე საკანონმდებლო ინიციატივაში გადაიზარდოს“.
IMF-ის პროგრამის შეჩერების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნულ ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. აღნიშნულ პერიოდში პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერის შეცვლა კი სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა.
2023 წლის მაისში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტოდადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე უნდა წარდგენილიყო. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.
2023 წლის 14 ივლისს კი Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გაირკვა, რომ IMF-ის დირექტორთა საბჭოზე IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცება შეფერხდა, რაც საქართველოს მიერ დაჩქარებულად მიღებულ კანონმდებლობას უკავშირდებოდა.