მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი დროებით შეჩერებულ IMF-ის პროგრამაზე

ნათია თურნავა სებ-ის ტრიბუნასთან

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ მხარდაჭერილი პროგრამა შეჩერებულია. ფონდის სამწლიანი პროგრამა 2022 წლის ივნისში დაიწყო და მის ფარგლებში საქართველოსთვის საჭიროების შემთხვევაში 210 მილიონი SDR, ანუ $280 მილიონი დოლარის ფინანსებზე გაუჩნდებოდა წვდომა. 

ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. მისი პირველი მიმოხილვა და მასთან ასოცირებული 40 მილიონი SDR სავალუტო ფონდმა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა, მეორე მიმოხილვისთვის კი ფონდის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში 2023 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა. 2023 წლის 11 მაისს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი მისიის მიერ მეორე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პერიოდში ფონდი პროგრამის შესახებ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რადგანაც როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო პროგრამის მიზნების შესაბამისად მოქმედებდა. 

თუმცა არსებობდა ერთი სარისკო გარემოება, რაც პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებული კანონპროექტი იყო, რომელიც 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნულ ბანკს, ასევე IMF-ს ჰქონდა კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. აღნიშნულ პერიოდში პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა. 

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერის შეცვლა კი სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა. 

2023 წლის მაისში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტოდადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე უნდა წარდგენილიყო. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 

2023 წლის 14 ივლისს კი Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გაირკვა, რომ IMF-ის დირექტორთა საბჭოზე IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცება შეფერხდა, რაც საქართველოს მიერ დაჩქარებულად მიღებულ კანონმდებლობას უკავშირდებოდა. 

პროგრამის მიმდინარეობის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ განცხადება გააკეთა 20 სექტემბერს, BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა. გუშინ კი ნათია თურნავამაც დაადასტურა შეჩერება და იმედი გამოთქვა, რომ ის სწრაფად აღდგება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი მიიღო, პროგრამის აღდგენა კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგანაც 20 სექტემბერსვე ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ამ ცვლილებაზე შეშფოთება დააფიქსირა. 

რას აძლევდა IMF-ის პროგრამა საქართველოს? 

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში რეფორმების ტემპი შენელებულია, რაც მათ შორის ეკონომიკურ რეფორმებსაც ეხება. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პრიორიტეტული მიმართულებით გასატარებელი რეფორმების შესრულებას უკავშირდება, რასაც საქართველოს მთავრობა არც თუ ისე მაღალი ენთუზიაზმით ასრულებს.

სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოს ხელისუფლებისთვის საკვანძო რეფორმებთან მიმართებით წარმოადგენდა გარკვეულ კატალიზატორს, აღნიშნული რეფორმები 3-წლიან ვადაში განხორციელებულიყო. 

საქართველოს ხელისუფლებამ ფონდთან 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმით აიღო ვალდებულება მშპ-ს 45%-ზე დაბლა შეემცირებინა სახელმწიფო ვალის დონე; შეენარჩუნებინა ლარის მცურავი გაცვლითი კურსი; გაეუმჯობესებინა ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა; გაუმჯობესებინა ფისკალური ბუფერები; გაეუმჯობესებინა საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა, მათ შორის გამოეკვლია საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა; გაეგრძელებინა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათ შორის განეგრძო საპარტნიორო ფონდისთვის ახალი პროექტების დაფინანსების და ახალი სესხების აღების შეზღუდვა; ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მხარდამჭერი მექანიზმი და ჩაეტარებინა შესაბამისი აუქციონები; საჯარო ინვესტიციების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემოეღო ერთიანი კრიტერიუმები და გაეტარებინა სხვა ცვლილებები. 

ამ რეფორმებიდან საქართველო არაერთი მიმართულებით მიიწევდა წინ, მათ შორის ბუფერების გაზრდის მხრივ ეროვნულმა ბანკმა გაააქტიურა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა და მხოლოდ წელს 1.4 მილიარდი დოლარი შეიძინა. ენერგეტიკაში ფისკალური რისკების შემცირების მხრივ კი ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა CFD აუქციონები და ინვესტორებს დაფინანსების ახალი მექანიზმი შესთავაზა. 

ამის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საპარტნიორო ფონდის შესახებ ახალი კანონი და მას სახელი შეუცვალა, ფონდს ამჟამად “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება და ის მიზნად მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას ისახავს. თუმცა, უცვლელია ფონდის წინაშე არსებული შეზღუდვა, რომ ფონდი არ აიღებდა ახალ ვალებს და არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში. ეს შეზღუდვა დაწესდა IMF-ის ჯერ კიდევ წინა პროგრამით და ის საპარტნიორო ფონდისგან მომდინარე ფისკალური რისკების შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 

საპარტნიორო ფონდის შესახებ ახალ კანონზე და ფონდის სახეცვლილ ფორმაზე IMF-ს საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. 

სჭირდება თუ არა საქართველოს პროგრამით გათვალისწინებული 280 მილიონი დოლარი?

სავალუტო ფონდის $280-მილიონიანი პროგრამა წინა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ე.წ. Stand-By Arrangement-ს წარმოადგენს და მის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ათვისება მოხდებოდა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, ეს თანხა ქვეყნისთვის შესაძლო შოკის პირობებში დამატებითი ბუფერის როლს შეასრულებდა. 

კიდევ ერთი გარემოება, რაც IMF-ის პროგრამას უკავშირდება არის ფონდის, როგორც ეკონომიკის დამოუკიდებელი შემფასებლის არსებობას, რაც თავის მხრივ, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, 26 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პროგრამის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

“გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ნათია თურნავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ბოლოს 2015 წელს იყო დროებით შეჩერებული, რაც მაშინ პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბანკო ზედამხედველობის სებ-იდან გამოტანის პროექტს უკავშირდებოდა. 

ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში დამატებითი განცხადებებისგან თავს იკავებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები