საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება.
სებ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, BMG-ს კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა თქვა, რომ მთავრობის მხრიდან გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები დისკუსიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.
„ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს დისკუსია პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს დამოკიდებულია იმ დისკუსიის შედეგებზე რომელიც ახლა გვაქვს და რომელიც მომავალში გვექნება. შესაბამისად, ამა თუ იმ მიმართულებით იქნება თუ არა დამატებით ნაბიჯები გადასადგმელი და რა ნაბიჯები იქნება, ბუნებრივია ეს იქნება იმ დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომლის ფორმატშიც ვართ ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის ნაწილში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
IMF-ის პროგრამის მიმოხილვა გასულ წელს, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია.