მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი ასახელებს მიზეზებს, რატომაც საქართველო IMF-ის ახალ პროგრამას არ ითხოვს

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) დაფინანსების მოზიდვის საჭიროება არ აქვს. მინისტრმა განმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო ფონდისგან ახალ პროგრამას აღარ ითხოვს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროგრამის საჭიროება ამ მომენტისთვის არ დგას, სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროსა და ფორმატში თანამშრომლობისთვის.

"პროგრამასთან მიმართებით, არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის ნებისმიერ ფორმატში ჩვენთან თანამშრომლობისთვის. იქიდან გამომდინარე, თუ რა საჭიროებები ექნება ქვეყანას და ესეც ჩვენი მხრიდან ძალიან კარგად არის მიღებული და დასაფასებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არა მხოლოდ მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით აქვს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა, არამედ მზაობა აქვს, თუ პროგრამის საჭიროება იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში ის განხორციელდება.

ამ მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურია. მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ხორციელდება როგორც ფისკალური ისე მონეტარული კუთხით. ამ ეტაპზე, დაფინანსების მოზიდვის საჭიროება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან არ არის და შესაბამისად, თუ ასეთი საჭიროება დადგება, დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდი მომზადებული შეხვდება ამ საჭიროებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაშდენბერგმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები