მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიყიდება "საქართველოს ფოსტა"?

5e60f1e99c9fe
ანნა ლაპიაშვილი
06.03.20 09:00
2642
“დავალება შესრულებულია. ამ პოსტზე დანიშვნისთანავე მივიღე დავალება, ეს არის კომერციალიზაცია პრივატიზაცია. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მენეჯმენტმა მიაღწია იმას, რომ ეს კომპანია საინვესტიციოდ საინტერესო გახადა,”- ამბობს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და როდის ან რა ფორმით გახდება ეროვნული საფოსტო ოპერატორის გასხვისება შესაძლებელი. ლევან ჩიკავიძის თქმით, შესაძლოა “საქართველოს ფოსტა” სრულად არც გაიყიდოს.

“ეროვნული ოპერატორის პრივატიზაცია კომპლექსური თემაა. ბევრი შემადგენელი აქვს. სრული პრივატიზება შეიძლება შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, ისევე როგორც მაგალითად Deutsche Post-ის შემთხვევაში. უნდა გავითვალისწინოთ ის პრაქტიკა, რაც ევროპულ ეროვნულ ოპერატორებშია დაგროვილი. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი, როცა ლიბერალიზაციის პროცესისას ევროპულმა საფოსტო ოპერატორებმა იმ პროცესში, რაც საერთაშორისო სტანდარტებით უნივერსალურად არის განსაზღვრული, კერძო კომპანიების შემოშვება გადაწყვიტეს.
იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება?-ეს დღესაც სადავოა. შედეგი დადგა ის, რომ ბიზნესმა cherry picking- სას აიღო გემრიელი ლუკმა, მისთვის სასურველი ნაწილი ბიზნესისა, ანუ ის ტერიოტრიული ადგილები, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული, სადაც ნაკლებია საოპერაციო ხარჯი და მეტია მოგების მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ის რეგიონული ტერიტორიები, სადაც მაღალია საოპერაციო ხარჯი, მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და შესაბამისად, ეროვნულ ოპერატორს მდგომარეობა დაუმძიმდა. დღეს ეროვნულ ოპერატორებს შორის საუბარი მიდის იმაზე, რომ ინტერესების თანხვედრა ისე მოხდეს ბიზნესმაც მიიღოს სარგებელი და არც მოსახლეობა დაზარალდეს. ეს საქართველოშიც გასათვალისწინებელია. ლიბერალიზაციის პროცესისას, რაც ევროპაში მოხდა, ეს არ უნდა განმეორდეს. ამის პრაქტიკული მაგალითები არსებობს, გამოცდილება აქვს ყველა ოპერატორს. ვფიქრობ, ყველა წინაპირობა ნათელი სურათი გვაქვს იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და არ დავუშვათ ის შეცდომები რაც საფოსტო ისტორიაში გავლილია,”-განმარტავს ლევან ჩიკვაიძე BMG-სთან საუბარში.

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის განცხადებით, აუდირება რომელიც კომპანიის პრივატიზაციისთვის მოსამზადებლად დაიწყო, დასრულების ეტაპზეა, თუმცა, გაყიდვის მოდელთან დაკავშირებით ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მისივე განცხადების მიხედვით შესაძლოა პროცესი შემოდგომამდეც გადაიდოს.

კითხვაზე შეიძლება თუ არა გაზაფხულზე პოზიციების შეჯერება მოხდეს, ლევან ჩიკვაიძე ზუსტი პასუხისგან თავს იკავებს.

“ეს გადაწყვეტილება იმდენად დამოკიდებულია დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მაგალითად ბევრი რამე აგვისტოში 27-ე საფოსტო კონგრესია დაგეგმილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამაზე ბევრია დამოკიდებული. შესაძლოა უკეთესი იყოს, თუ ამ გადაწყვეტილებას დაველოდებით და პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდება“- ამბობს ლევან ჩიკვაიძე.