მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოცხადდება პენსიის გამცემი ბანკის შესარჩევად ტენდერი?

6250471551dea
მარიამ ვარადაშვილი
09.04.22 00:00
1337
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. კონკრეტულ თარიღს უწყება ამ ეტაპზე არ ასახელებს.

"ლიბერთი ბანკსა" და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებით წლის ბოლოს ვადა გასდის და ახალი ტენდერის გამოცხადებაა საჭირო.

"ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე აცხადებს, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან და ახალ ტენდერშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ.

“ამ ეტაპზე ვიცით, რომ პირობების შემუშავება დასრულებულია და შესაბამის კომისიას გაუგზავნეს. ველოდებით ტენდერის გამოცხადებას, მოლოდინის რეჟიმში ვართ. როგორც გვეუბნებიან ეს მალე მოხდება, მაგრამ რამდენ ხანში, ამაზე საბოლოო ინფორმაცია არ გვაქვს. ველოდებით და ვნახოთ რა მოხდება. წინადადება მომზადებულია, პირობები დაეგზავნა დაინტერესებულ მხარეებს, თუმცა საბოლოო სატენდერო დოკუმენტი და ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. შევხედავთ საბოლოოდ რა პაკეტი დაიდება, მაღალი ალბათობით მივიღებთ მონაწილეობას”, - ამბობს მენაბდე.

ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ პენსიების გაცემა 2023 წლიდან უნდა დაიწყოს. მიმდინარე წლის თებერვალში საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა კიდევ შემცირდეს.

თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ თვეში უნდა შემუშავებულიყო კონტრაქტის პირობები, რომლითაც ახალი ტენდერი გამოცხადდება და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო შეარჩევს ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ დახმარებებს დაარიგებს.

ვრცლად: რა შეიცვლება საპენსიო სესხებში - ეკონომიკის მინისტრის განმარტება