„ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილის და ფინანსური დირექტორის ვახტანგ ბაბუნაშვილის აზრით, საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციის გაზრდისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები დიფერენცირებული უნდა იყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საბანკო სექტორში არსებულ მაღალ კონცენტრაციაზე საუბრისას განაცხადა.
- ქართულ საბანკო სექტორში რომ მაღალი კონცენტრაციაა, ფაქტია - ბაზრის 80%-მდე ორ ბანკზე მოდის. თქვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის მარეგულირებელ პოლიტიკაში რამდენად გათვალისწინებულია ეს ფაქტორი?
- ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ამ ფაქტორს და ვთვლით, რომ მომავალში კიდევ არის რესურსი ამ პოზიციის გაძლიერების. საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. ვისაც საზღვარგარეთ საბანკო მომსახურება მიუღია, დამეთანხმება, რომ საქართველოში საბანკო მომსახურების მიღება ერთ-ერთი საუკეთესოა და საკმაოდ სტაბილური. გაუმჯობესებისთვის კი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ბაზარზე იყოს ძლიერი მესამე და მეოთხე ბანკი, რაც ნიშნავს მაღალ კონკურენციას, რომელსაც თან სდევს უკეთესი საპროცენტო განაკვეთები კლიენტებისთვის; საბოლოოდ, ბანკებს შორის კონკურენციით, მომხმარებელი - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები კიდევ უფრო ხარისხიან მომსახურებას და მეტ სარგებელს მიიღებენ. საკმაოდ მკაცრი ეროვნული ბანკი გვყავს.
- საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, ალბათ, მკაცრი უნდა იყოს...
- დიახ. მათი ახალი რეგულაციებიც საკმაოდ მკაცრია და მიმართულია ორ დიდ ბანკზე, რაც მესმის. ისინი ქმნიან ჩვენი საბაზრო წილის, დაახლოებით, 80%-ს და ამიტომაც მთავარი სამიზნეც ისინი არიან, თუმცა დიდ ბანკებზე მორგებული რეგულაციები მათთვის კოღოს ნაკბენივითაა, როცა ჩვენ - მცირე და საშუალო ზომის ბანკებს ზარბაზნის ნასროლივით გვხვდება. ვფიქრობ, რეგულაციების ცოტა მეტად ბანკის პროფილზე მორგება და დიფერენცირებული მიდგომა ძალიან შეუწყობს ხელს საბანკო სექტორში კონკურენციის გაზრდას და მთლიანად ეკონომიკას. კონკურენციის გაზრდისთვის კი, მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთარსებული რეგულაციებია.
- შეგიძლიათ, კონკრეტული რეგულაციის მაგალითზე ავხსნათ დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება და სამართლიანობაც?
- განვიხილოთ ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის დაცვის წესი, რომლის მოდიფიკაცია5 წლის წინ მოხდა და სარეზერვო მოთხოვნა თავად ბანკებში არსებული სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალია მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები (თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე შემცირდა; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტია; ამ მოდელით სებ-ი საბანკო სისტემაში დეპოზიტების ლარიზაციის ზრდას გეგმავს). რამდენიმე კვირის წინ, სებ-მა უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნის 25%-დან 20%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ბანკებს გამოუთავისუფლა ვალუტის გარკვეული მოცულობა, მაგრამ შემცირდა მხოლოდ ზედა ზღვარი; თუმცა ბაზარზე ვართ რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ბანკი, სადაც დეპოზიტების დოლარიზაცია 40%-ს არ აღემატება. „ლიბერთის“ მაგალითზე გეტყვით, რომ დოლარში ჩვენი კონცენტრაცია, დაახლოებით, 30%-ია; შესაბამისად, ვსარგებლობთ ქვედა ზღვრით. ჩნდება კითხვა - რატომ არ შემცირდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 5%-მდე იმ ბანკებისთვის, სადაც დეპოზიტების დოლარიზაცია 40%-ს არ აღემატება?
- რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან?
- დიალოგი მიდის და იმედი გვაქვს, კონსენსუსს მივაღწევთ. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა იმ ბანკებისთვისაც შემცირებულიყო, ვინც უფრო ლარიზებულია. დიდი სურვილი მაქვს და მოლოდინიც არის, რომ სებ-ი მიიღებს ისეთ რეგულაციებს, რომელიც მთლიანად ბანკის პროფილზე იქნება მორგებული.
- მარეგულირებლის მხრიდან კიდევ კიდევ რა ტიპის რეგულაციები დაეხმარებოდა ქართულ საბანკო სექტორში არსებული მაღალი კონცენტრაციის შემცირებას და ძლიერი მესამე ბანკის ფორმირებას? რაზე უნდა კონცენტრირდეს ეროვნული ბანკი?
- ზოგადად, საბანკო სექტორი მთელ მსოფლიოში საკმაოდ რისკიანი მიმართულებაა. ყველა რაციონალური ბანკის მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, თავის რისკებს არეგულირებს და გადაზღვევის მიზნით, ყველასთვის არის ეროვნული ბანკი, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. მრავალი ტიპის რეგულაციაა, მაგრამ აღსანიშნავია ორი მთავარი ღერძი, ესენია: საქართველოს საბანკო სექტორისათვის განსაზღვრული კაპიტალის მოთხოვნები და ლიკვიდობის სტანდარტები. საქართველოს საბანკო სექტორის ამოსავალი პრობლემაა ლარის რესურსი ანუ დეპოზიტი მოვიზიდოთ ლარში, რომ შემდეგ სესხი გავცეთ ეროვნულ ვალუტაში.
- ვინაიდან ლარს მოქალაქეები დიდად არ ენდობიან და დანაზოგს ვალუტაში ინახავენ, შესაბამისად, ლარის რესურსი ძვირია, ვიდრე - დოლარის ან ევროსი...
- შესაბამისად, ლარის დეპოზიტის მოზიდვა ძნელია და ძალიან ძვირი ღირს. ამდენად, მცირე და საშუალო ზომის ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი, ახალი არხებით, სებ-ის მხრიდან ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება.
- რა შეიძლება იყოს ეს ახალი არხები?
- ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია რაიმე ტიპის აქტივების უზრუნველყოფაში ჩადება და ამ გზით გრძელვადიანი ლარის მიღება. გარკვეული ინსტრუმენტები არის, მაგრამ ამის გაფართოება კიდევ შეიძლება. მით უმეტეს ბევრ ბანკს - მცირე და საშუალო ბანკს აქვს მაღალი ხარისხის საკრედიტო აქტივები, რომელიც შეიძლება ჩაიდოს და იქიდან მოხდეს გრძელი ლარის წარმოება. ასევე, ბევრი ფინანსური ინსტიტუტი უშვებს ლარის ბონდებს და შემდეგ ხდება მისი უზრუნველყოფით სებ-ში სესხის აღება და ასე იქმნება გრძელვადიანი ლარი. უბრალოდ, მთავარია, სურვილი გაჩნდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი შეეწყოს.
- მკაფიოდ არ ჩანს ეს სურვილი?
- მკაფიოდ ჩანს. ვმუშაობთ. კიდევ ერთ ერთი ფაქტორი, რაც გამოწვევაა მცირე და საშუალო ზომის ბაზელ III-ის სტანდარტით განსაზღვრული კაპიტალის მოთხოვნებია, რაც ძალიან გამკაცრდა და სტაბილური ზრდისთვის კაპიტალი ძალიან შეზღუდულია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც რეგულაციის გარკვეული შემსუბუქება შეიძლება, რათა საშუალო ზომის ბანკები კარგი ტემპით იზრდებოდნენ.