მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი სუსტი ეროვნული ბანკის საბჭო მე არ მახსოვს“ - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

„ასეთი სუსტი ეროვნული ბანკის საბჭო მე არ მახსოვს“ - მენეჯერმა და ბანკირმა 30-წლიანი გამოცდილებით, ნიკოლოზ შურღაიამ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ერთ-ერთი სუსტი ინსტიტუცია, მოიყვანა მაგალითად BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მმართველობასთან დაკავშირებულ სუსტ მხარეებზე საუბრისას.

- ჩემი დაკვირვებით, ყველა რგოლში არა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციები მთლიანობაში სუსტდება და ვხედავ ბევრად უფრო დაბალ უნარს, რომ კრიზისები და სირთულეები ვმართოთ, ვიდრე შეგვეძლო. მაგალითად, ეროვნული ბანკი - არ მინდა, პიროვნებებს შევეხო, მაგრამ ასეთი სუსტი ეროვნული ბანკის საბჭო მე არ მახსოვს.

- და თან არასრულია - 9-წევრიან საბჭოში მხოლოდ 5 წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მუშაობენ...

- მხოლოდ საბჭოს სრულად შევსებაზე არაა საუბარი. გამოცდილება, განათლება, კომპეტენცია - ჯამურად უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღონ ძნელი გადაწყვეტილებები. იმისთვის არიან, რომ იფიქრონ და დადგნენ იქ, სადაც სინდისი და გონება კარნახობთ და მიჭირს, არ მაქვს ამის ნდობა.

ყოფილი ბანკირი საქართველოში „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგია. შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა არასდროს ყოფილა ისეთ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ მდგრადი განვითარება და სტაბილურობა დიდწილად ევროკავშირთან ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

„ბევრ წარმატებას წარმატებას მივაღწიეთ დამოუკიდებლობის შემდეგ. 90-იანი წლები ვინც გავიარეთ, ყველას გვახსოვს, რა გავიარეთ და არ მინდა, ამ შეგრძნებების ამოტივტივება. ეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ, დამოუკიდებლობის განმავლობაში, ასე კარგად არასდროს ვყოფილვართ - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს; ჩვენი სპორტული გუნდები ბევრ წარმატებას აღწევენ... ბევრ რამეში პროგრესი გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი მყიფეა და ძალიან დიდწილად დაფუძნებულია ევროკავშირთან ურთიერთობებზე - კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმზე. ეს ყველაფერი ქართველი ერის დიდი შრომის შედეგია. ჩვენ ყოჩაღი ერი ვართ, მაგრამ ნაკლი და სისუსტე გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს - გამოწვევები განათლების სისტემაში, სასამართლო სისტემაც საკმაოდ სუსტია და ა.შ. როცა ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულია, ვფიქრობ, უფროსის ნებას ქვეშევრდომი ვერ შეეპასუხება, სახელმწიფო ინსტიტუტებს ძალიან გაუჭირდებათ შეეწინააღმდეგონ, როცა ზემოდან ამას ეუბნებიან... მიმაჩნია, რომ ცეცხლს ვეთამაშებით; რეალობას მოწყვეტა ძალიან სახიფათოა“, - აცხადებს ნიკოლოზ შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები