„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩევლის გიორგი ბაქრაძის შეფასებით, 2024 წლის I კვარტალი „პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის“ ყველა პარამეტრით კარგი იყო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
წლის პირველ სამ თვეში „პროკრედიტ ბანკი საქართველომ“ 11 მილიონი ლარის მოგება მიიღო და ამ მხრივ, ბანკების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა.
როგორც გიორგი ბაქრაძე ამბობს, „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ მიზანია, ბაზრის წილის ზრდა, რაშიც როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, ისე მთავრობა მხარს უჭერს.
„პორტფელის ზრდაც, მოგებაც დაგეგმილზეც და ბაზრის საშუალოზეც მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა და ჩვენ ამ ზრდის მომავალშიც, ამ დონეზე, შენარჩუნების იმედი გვაქვს. რაც შეეხება პროდუქტებს და სერვისებს, მოგეხსენებათ, აქამდე „პროკრედიტ ბანკი“ ძირითადად ორიენტირებული იყო SME სექტორზე - სადაც ჩვენ, შეიძლება ითქვას, სექტორის ლიდერებში ვართ, თუმცა ახლა ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო მეტად დივერსიფიკაციას და გაფართოებას, რაც არა მხოლოდ ბიზნესსექტორზე, არამედ რიტეილსექტორზე აქცენტის გაკეთებას ნიშნავს.
ამ კუთხით, ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის ანაბრების მოზიდვის კუთხითაც. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, „პროკრედიტ ბანკის“ წილის ზრდა ბაზარზე. ამაში, სხვათა შორის, ჩვენ მუდმივად გვაქვს წახალისება მთავრობისგანაც და ეროვნული ბანკისგანაც, ეს უკანასკნელი მუდმივად მოგვიწოდებდა (მაშინაც, როდესაც მე ვიყავი ეროვნულ ბანკში) ზრდისკენ და ბაზარზე უფრო მეტად დამკვიდრებისკენ“, - აცხადებს გიორგი ბაქრაძე.
„წერტილთან“ ინტერვიუში სებ-ის პრეზიდენტების ყოფილმა მრჩეველმა და ახლა უკვე „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა „პროკრედიტ ბანკის“ იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რაც მას სხვა ბანკებისგან გამოარჩევს.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ „პროკრედიტ ბანკთან“ თანამშრომლობის დასაწყისიდანვე ჩემთვის ცხადი იყო, რომ ის განსხვავებულია. „პროკრედიტი" ნამდვილად არის ყველაზე ევროპული ბანკი, ევროპული მიდგომებით როგორც თანამშრომლების, ისე კლიენტების მიმართ. ეს ეხება არა მხოლოდ „პროკრედიტ ბანკ საქართველოს“, არამედ მთლიანად ჰოლდინგს. მაგალითად, მე არ მეგულება სხვა ისეთი ბანკი, რომელიც ამხელა ყურადღებას დაუთმობდა თავისი თანამშრომლების პროფესიულ ზრდას. გარდა იმისა, რომ ბანკის შიგნით მუდმივად ტარდება ტრენინგები - ჩემი თანამშრომლობა ბანკთან სწორედ ასეთი ტრენინგით დაიწყო და ახლაც ეს ჩემი ფუნქციების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს - თავად ჰოლდინგს აქვს აკადემია, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ჰოლდინგის წევრი ბანკების თანამშრომლების სწავლება მოკლე ინტენსიური კურსების მეშვეობით. სხვათა შორის, მეც უნდა მივიღო მონაწილეობა ამ კურსებში და წავიკითხო ლექციები მაკროეკონომიკაში. ანაბარს რაც შეეხება, ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს საუკეთესო მომსახურებას და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს და ზოგადად, დაზოგვა მნიშვნელოვანია.