საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტების ყოფილი მრჩევლის გიორგი ბაქრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი პროფესიონალი კადრებით იყოს დაკომპლექტებული.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ცენტრალური ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში არის საბანკო სისტემის ცენტრი. ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, როგორც გარკვეულ მარგინალურ ჯგუფებს, ცენტრალური ბანკის არსებობა, მაგრამ ეს მოცემულობაა. შესაბამისად, აუცილებელია, ცენტრალური ბანკი იყოს დამოუკიდებელი და მისი გეგმები იყოს ავტონომიური მთავრობის გეგმებისგან“, - თქვა გიორგი ბაქრაძემ, რომელმაც ეროვნული ბანკი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემის შემდეგ დატოვა.
გიორგი ბაქრაძე ამჟამად „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩეველია.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან სებ-ის საბჭოს სრულად დაკომპლექტების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„სებ-ის საბჭოს სებ-ის მმართველი ორგანო, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური წევრების არჩევა უკიდერესად აუცილებელია საბანკო სისტემის სტაბილურობისთვის და ასევე, ინვესტორებისთვის. იმედია, საბჭოს წევრთა შერჩევა უახლოეს მომავალში დასრულდება და ჩვენ ოთხი მაღალპროფესიული წევრი გვეყოლება“, - თქვა გიორგი ბაქრაძემ.