მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მიიღებს და საიდან ქუთაისის ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ სტუმრებს? - ნიკოლოზ ლატარია

5edb7fb2eb2ad
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.20 18:00
2590
ქუთაისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ ივლისის თვეში ამოქმედდება. ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ლატარიამ განუცხადა.

სასტუმროს ბიზნესში ეს კომპანია „გუდლაინის“ პირველი პროექტია და მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში უწევთ ბიზნესის წამოწყება, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შეძლებენ სირთულეების გადალახვას. მანამდე კი ნიკოლოზ ლატარია სასტუმრო ბიზნესში შესვლის წინაპირობებს განმარტავს.
 
"5-მა პარტნიორმა 2018 წელს დავაარსეთ კომპანია „გუდლაინი“. გვაქვს სხვა ბიზნესი - კომერციული დანიშნულების სავაჭრო ფართები და გაგვიჩნდა სურვილი, რომ სასტუმროს ბიზნესი აგვემოქმედებინა, ამიტომ ჩვენი ფინანსური რესუსებით, 1.5 მლნ ლარიანი სესხითა და „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით კერძო კომპანიისგან, ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევისყიდეთ, რომელიც იმ დროისთვის სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძელით, რომ ამ შენობისთვის ის იერსახე შეგვენარჩუნებინა, რაც მას საუკუნის წინ ჰქონდა“, - ყვება სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მისივე თქმით, 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ასამოქმედებლად ჯამში 3.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სასტუმროს შენობის აღდგენა 2019 წლიდან დავიწყეთ და ახლა დავასრულეთ, რაზეც 3.2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია. მასში იქნება 34 ნომერი, აქედან 2 ლუქსის ტიპის, კაფე-ბარი, რესტორანი და გვექნება ასევე ტერასა ქუთაისის ისტორიული ხედებით“, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა რომ „ნიუ პორტის“ სასტუმროს გახსნა ივლისის თვეშია დაგეგმილი, ნიკოლოზ ლატარიას თქმით უცხოეთიდან პირველი ჯავშნები აგვისტოზეა შემოსული, თუმცა მომართვიანობა ძალიან დაბალია.

„გათვლა გვქონდა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ტურისტებზე, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდია, არ ვიცი, ალბათ გაგვიჭირდება. სასტუმროს გახსნა ივლისშია დაგეგმილი.

Booking.com-ზე გვაქვს განთავსებული სასტუმრო და მოთხოვნა ძირითადად აგვისტოს თვეშია, თუმცა დაბალი. გვქონდა ჯავშნები სანამ პანდემია დაიწყებოდა, მაგრამ ისინი ყველა გაუქმდა. ახალ მდგომარეობა ცოცხლდება.  აგვისტოში დაახლოებით სასტუმროს 10% იტვირთება, ხოლო სექტემბერში - 30%.

ძირითადად დაინტერესება მოდიოდა და მოდის ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, უკრაინა, ჩეხეთი, რუსეთი და ძირითადად ის ქვეყნები, საიდანაც არის ფრენები ქუთაისის აეროპორტში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.

„ნიუ პორტის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ფასებზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან, თუმცა ზუსტად იციან, რომ ადგილობრივი დამსვენებელს ფასდაკლებას შესთავაზებენ.

„ფასები ჯერ განსაზღვრული არ გვაქვს, რამდენიმე დღეში ამას მოთხოვნიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, იმისთვის, რომ არ გვქონდეს მაღალი ფასები. ამასთან ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გვექნება ფასდაკლებები.

პირველად მოვკიდეთ ამ ბიზნესს ხელი და რთულ პერიოდში გვიწევს მისი გახსნა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლიდან არ იქნება ასეთი მდგომარეობა და ვიფიქრებთ სასტუმროს შემდგომ განვითარებაზე“, - უთხრა BM.GE-ს სასტუმროს თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები