მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში საფეხმავლო ხიდისა და ურბანული სივრცეების პროექტირებისთვის ₾4 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისი

ქუთაისში ახალი საფეხმავლო ხიდის პროექტირებისა და ქალაქის სხვადასხვა სივრცის განახლებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე 4.38 მილიონი ლარის ღირებულების კონკურსი გამოცხადდა. შესყიდვას მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, ხოლო თანხა დღგ-ის გარეშეა განსაზღვრული.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი საფეხმავლო ხიდია. გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები უნდა შეასრულოს და მისი მოწყობისთვის საჭირო დოკუმენტაცია მოამზადოს. ამასთან, კონკურსი თავად ხიდის მშენებლობას არ ითვალისწინებს, მისი მიზანი სამშენებლო სამუშაოებისთვის აუცილებელი პროექტის მომზადებაა.

საპროექტო დავალება ასევე მოიცავს ქუთაისში შენობებისა და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისთვის საჭირო კვლევებსა და პროექტირებას, ურბანული სივრცეების დაგეგმვას, საფეხმავლო და ველობილიკების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და გამწვანებული ზონების მოწყობის კონცეფციებს. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ქუჩის ავეჯის, საინფორმაციო ნიშნებისა და დიზაინკოდის საკითხებსაც.

შესრულების ვადად 12 თვეა განსაზღვრული. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვები და საექსპერტო დასკვნები, ასევე განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა.

წინადადებების მიღება 2027 წლის 8-დან 13 იანვრამდეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები