საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდის პროექტირებისთვის, ასევე მთლიანად ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ივლისში გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. აღნიშნული შესყიდვა ფონდმა 2026 წლის ივლისში გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
ტენდერში მონაწილეობა სამმა საპროექტო არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო, თუმცა წარდგენილ პროექტებში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რაც ძირითადად საპროექტო არეალის განთავსების ტერიტორიას უკავშირდებოდა. ტენდერში თავდაპირველად გამარჯვებულად ერთ-ერთი მონაწილე "ნს სტუდიო" გამოვლინდა, თუმცა ტენდერის კიდევ ერთმა მონაწილემ პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში უჩივლა. დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ დაავალა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონკურსი საერთოდ შეწყვიტა.
გამოქვეყნებულ ოქმში მითითებულია, რომ ტენდერის შეწყვეტა დაკავშირებულია საპროექტო არეალის დაზუსტების საჭიროებასთან:
"არქიტექტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) დამატებითი გადასინჯვისა და კორექტირების აუცილებლობა. კერძოდ, კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა საპროექტო არეალის ცვლილების საჭიროება. საპროექტო არეალის ცვლილებამ შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს საპროექტო გადაწყვეტებზე, შესასრულებელი სამუშაოების სახეებსა და მოცულობებზე, ტექნიკურ მოთხოვნებსა და საპროექტო მომსახურების ფარგლებზე. შესაბამისად, არეალის ცვლილების შემთხვევაში, საჭირო გახდება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების დაზუსტება და მათი ახალ საპროექტო საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა აისახოს კონკურსის პირობებზეც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული საპროექტო არეალის ფარგლებში კონკურსის გაგრძელება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული, ვინაიდან საპროექტო არეალის ცვლილების შემთხვევაში საჭირო გახდება საკონკურსო დოკუმენტაციისა და მოთხოვნების გადახედვა. ეს შესაძლებელს გახდის, რომ კონკურსის ხელახლა გამოცხადების შემთხვევაში ყველა პოტენციურ მონაწილეს ჰქონდეს ერთიანი, მკაფიო და განახლებულ საპროექტო საჭიროებებთან შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო წარმოდგენილი წინადადებები მომზადდეს ერთსა და იმავე, ზუსტად განსაზღვრულ პირობებზე დაყრდნობით,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გამოცხადდება განახლებული ტენდერი. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გონიოში სახელმწიფომ გონიოში მსხვილმასშტაბიანი დეველოპერული პროექტის განსავითარებლად კომპანია Eagle Hills-ს 2.6 მილიონი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება უზურფუქტით გადასცა სარგებლობაში, ხოლო ახალ საფეხმავლო ხიდმა გონიოს და ბათუმის ბულვარები უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან. კიდევ ერთი გარემოება უკავშირდება იმას, რომ ამჟამად ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ნარჩენები გონიოს პოლიგონზე, მდინარე ჭოროხის დელტაში, ახალი საფეხმავლო ხიდიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს. აჭარის მთავრობა უკვე არაერთი წელია ცდილობს აღნიშნული პოლიგონის დახურვას და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი პოლიგონის ექსპლოატაციაში შეყვანას, თუმცა იმის მიუხედავად რომ ახალი პოლიგონი უკვე აშენებულია, ქალაქ ბათუმის ნარჩენები კვლავ გონიოში იყრება.
























