მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შეძლებს პირველი ციფრული ბანკი სესხების გაცემას? - სებ-ის პასუხი

637dd626e5610
BM.GE
23.11.22 13:35
1019
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საბანკო სისტემას ახალი, მეთხუთმეტე მოთამაშე შეემატა. ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზია Paysera საქართველოს მიანიჭა.

ახალი ბანკის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჟამად ბანკი სატესტო რეჟიმში ოპერირებს და ის რეალური სესხების გაცემას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სებ-ი დარწმუნდება, რომ ბანკის ციფრული სერვისი უხარვეზოდ მუშაობს.

“Paysera-ს ლიცენზია გავეცით საკმაოდ შეზღუდული პირობებით, მას ექნება მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ოპერაციების განხორციელების უფლება, ხოლო როგორც კი დააკმაყოფილებს პირველი ეტაპის მოთხოვნებს სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებაც შეეძლება. ანუ საუბარია, რომ მომხმარებლებთან არ ექნება შეხება და მის სოფტს გატესტავს არარეალურ მომხმარებლებზე,”- ამბობს პაპუნა ლეჟავა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, თუკი ჩვეულებრივი ბანკს ლიცენზია ენიჭება მაშინ, როდესაც მისი აქციონერები 50 მილიონი ლარის კაპიტალს წარადგენენ, ციფრული ბანკისთვის ეს მოთხოვნა 5 მილიონი ლარია. თუმცა, როგორც პაპუნა ლეჟავა აცხადებს, Paysera საქართველომ სამი წლის ვადაში თავისი კაპიტალი ₾50 მილიონამდე უნდა გაზარდოს.

“ციფრული ჩარჩოს შემოღებისას შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელები წავახალისოთ და გავუმარტივოთ მათ ბაზარზე შემოსვლა. შემოსვლის გამარტივება ითვალისწინებს 50 მილიონიანი კაპიტალის ნაცვლად, ამ თანხის 10%-ს კაპიტალის მოთხოვნას. ამ ჩარჩოს აქვს გარდამავალი სამწლიანი პერიოდი, რომლის ბოლოსაც ციფრულმა ბანკმა 50 მილიონამდე უნდა შეავსოს კაპიტალი.

თითოეული ციფრული ბანკისთვის ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ერთ კონკრეტულ ციფრულ ბანკს შეიძლება არ ჰქონდეს დეპოზიტების მოზიდვის უფლება, მაგრამ ჰქონდეს სესხების გაცემის უფლება,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

Paysera საქართველოს გენერალური დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი თევდორაშვილი, რომელიც "პალიტრა ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ახალი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე ნაწილდება:

თავმჯდომარე/წევრი: ლაშა კახიშვილი;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი თევდორაშვილი
წევრი: გიორგი მიროტაძე;
წევრი: ნინო მეფარიშვილი;

ახალი ბანკის დირექტორატი:

გენერალური დირექტორი: დიმიტრი ქუმსიშვილი;
ფინანსური დირექტორი: გიორგი ჩრდილელი;
რისკების დირექტორი: ირაკლი თოიძე.

"პეისერა საქართველო", როგორც იურიდიული პირი 2022 წლის 1 მარტს დაფუძნდა.