13.აგვისტო .2022 20:54

როგორ აფასებს EU საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას? - წლიური ანგარიში

როგორ აფასებს EU საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას? - წლიური ანგარიში
views 1067
უკან

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება ქვეყანაში კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო.

„მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო.

„ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით.

"ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ცნობისთვის: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის 1 ივლისს ძალაში სრულად შევიდა. ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. ახლოვდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღება.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიამ ასევე გაწია რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტებისა იქნება შესრულებული. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. მან აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა