მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა ქარის სადგურების ინვესტორების ხელშეწყობას – ახალი პირობები

5db5483a0b5f2
დავით ჯალაღონია
27.10.19 11:50
1291
საქართველოს მთავრობას ქარის სადგურების განვითარების ხელშეწყობისთვის წამახალისებელი მექანიზმები უკვე შემუშავებული აქვს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტში, განახლებადი ენერგიებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც დეპუტატებს მინისტრის მოადგილემ განუმარტა, ხელშეწყობის კონკრეტული ფორმით, მთავრობა ქარის სამი სადგურის პროექტის განხორციელებას განიხილება.

"სპეციალურად ქარისთვის შექმნილი წამახალისებელი მექანიზმი არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 წლის განმავლობაში, წელიწადში – 9 თვე, სახელმწიფო გარანტირებულად შეისყიდის გამომუშავებულ ელექტროენერგიას. 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი არ არის დასამალი, ეს საშუალოდ 6.5 ცენტია, რა თანხასაც ამ პერიოდში სახელმწიფო გადაიხდის. სწორედ ეს პირობებია შეთანხმებული ფინანსთა სამინისტროსთან და მთავრობასთან.

ამ მხარდაჭერის მექანიზმებს ახლა ვაძლევთ კომპანიებს და შემიძლია გითხრათ, რომ 250 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებისთვის სერიოზული ინვესტოები არიან უკვე ამ სფეროში შემოსულები. ჩვენ წლის ბოლომდე უკვე გვექნება გაფორმებული ხელშეკრულებები სხვადასხვა ადგილებზე პროექტების განხორციელების შესახებ – კასპთან, თბილისთან, იმერეთის ზეგანზე და ა.შ", – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა და დასძინა, რომ ქარის პროექტების შესაბამისი ეტაპების დროულად გავლას ერთი გარემოება ართულებს, რაც "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონთან არის დაკავშირებული.

"სიტუაციას ის ართულებს, რომ PPP ("საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონი) კანონს უნდა მივყვეთ. არცერთი პროექტი გასულა ამ კანონის გარეშე, ჯერჯერობით მხოლოდ ენერგეტიკული პროექტებია და ცოტა პრობლემები შეგვექმნა, თუმცა გავიარეთ და ქარის სადგურის 50 მეგავატის პროექტი, რომელიც ნიგოზაში იგეგმება, უკვე გავა მთავრობის სხდომაზე განსახილველად", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მან იმ ტექნიკურ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რაც ქარის სადგურების პროექტებს საქართველოში აქვთ და განაცხადა, რომ 2021 წლამდე სულ 350 მეგავატი სიმძლავრის სადგურების მშენებლობაა შესაძლებელი.

"ქარისა და მზისგან წარმოებულ ენერგიას ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გააჩნია, იმიტომ რომ ქარი ხან არის, ხან – არა, ასევე მზის სადგურები ღამის განმავლობაში საერთოდ არ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ამიტომ ჩვენს სისტემაში უნდა გვქონდეს რეზერვი და მაგალითად, ქარი რომ ჩადგება, ის ენერგია სხვა გენერაციამ ჩაანაცვლოს, თბოსადგურიდან, ან ჰიდროსადგურიდან", – განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ქარის მხოლოდ ერთი სადგური მუშაობს, გორში, რომლის 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით "საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა" და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" საჯარო აუქციონი გამოაცხადეს. ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი $14.25 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ მისი მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა, ღირებულების 70% კი, EBRD-მა დააფინანსა.

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტს შეადგენს.

შესაბამისად, გამომუშავების აღნიშნული მოცულობის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.

"ქართლის ქარის ელექტროსადგურთან" დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს, 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა.