მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკოს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

64be6afb424d4
მარიამ ვარადაშვილი
24.07.23 16:20
1742
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს [ესკოს] ახალი დირექტორი ჰყავს. საჯარო რეესტრში უკვე აისახა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის თანახმად, 21 ივლისიდან გენერალური დირექტორის პოსტზე კახაბერ ქებურია დაინიშნა.

ქებურია 2022 წლიდან სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო. უფრო ადრე კი "ენერგო-პროჯორჯიაში" მუშაობდა. 

გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი დირექტორი დავით თვალაბეიშვილი სემეკის წევრად აირჩიეს. 

ესკოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა სააქციო საზოგადოებაა, რომლის 100%-ს სახელმწიფო ფლობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაა. 

მან ფუქციონირება 2006 წელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დაიწყო. ესკო ექსკლუზიურად ანხორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით კი ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს. ამავე დროს უწყება იყო ახლადაშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შემსყიდველად, თუმცა ქვეყანაში ახალი მოდელის ამოქმედებაა დაანონსებული. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას [ბირჟაზე დადგენილი ფასი] შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის.

ესკოს კიდევ ერთი ფუნქცია ფუნქცია გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობაა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს, რომელსაც თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები