დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ოპერაციებში შუამავალი კომპანიები აღარ იქნებიან ჩართული და მეზობელი სახელმწიფოებიდან ელექტროენერგიას უშუალოდ სახელმწიფო კომპანია (ესკო) განახორციელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ აზერბაიჯანიდან შუამავალი კომპანიის იმპორტის პროცედურიდან ჩახსნა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში მოქმედი ენერგობაზრის პირობების მიხედვით, მეზობელი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება შეუძლია საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კომპანიას - ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციულ ოპერატორს (ესკოს); ასევე საბოლოო მომხმარებლებს (გამანაწილებელ ქსელებს) და შუამავალ კომპანიებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო ელექტროენერგიით ვაჭრობა; იმპორტი; ტრანზიტი და ექსპორტია.
ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს Lux Energy; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლუშენსი.
BMG შეეცდება გაარკვიოს შეეხება თუ არა შუამავალი კომპანიების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტრანზიტის ოპერაციებსაც, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ხორციელდება.
ელექტროენერგიის ტრანზიტის ლიცენზიები - სახელმწიფო ელექტროსისტემის ანგარიშის თანახმად:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და კომპანია Globalparking Holdings Ltd-ს (ს/კ 2106050) შორის აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 25 მარტს გაფორმებული N65/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გაფორმდა 07/08/2025 წლის N121/25 დამატებითი შეთანხმება N5 და 02/09/2025 წლის N131/25 დამატებითი შეთანხმება N6.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და SKELBERRY WAY LTD შორის სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით გაფორმდა 12/08/2025 წლის N123/25 ტრანზიტის ტექნიკურ უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და “Skelberry Way” LTD - ს (რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში ს/ნ 14571754) შორის სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული N123/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გაფორმდა 02/09/2025 წლის N130/25 დამატებითი შეთანხმება N1, 16/09/2025 წლის N133/25 დამატებითი შეთანხმება N2 და 31/10/2025 წლის N145/25 დამატებითი შეთანხმება N3.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ -სა და შპს “Lux Energy Trading”-ს (ს/კ 405336060) შორის რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით გაფორმდა 11/09/2025 წლის N132/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულება.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ -სა და შპს “Lux Energy Trading”-ს (ს/კ 405336060) შორის რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 11 სექტემბერს გაფორმებულ N132/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაზე გაფორმდა 29/09/2025 წლის N134/25 დამატებითი შეთანხმება N1 და 31/10/2025 წლის N144/25 დამატებითი შეთანხმება N2.
























