საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ENKA-სთვის დაკისრებული $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის საკითხზე „პასუხისმგებლობით“ იმოქმედებს და შესაბამის ინვესტორთან მოლაპარაკებების გზით ალტერნატივების მოძიებას შეეცდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„რაც შეეხება გადახდას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და სახელმწიფო გამონახავს გზებს, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივების მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან მოლაპარაკებების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ნამახვანჰესის პროექტის შეჩერების წინაპირობებზე და განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ განვითარებულ მოვლენებს „პირდაპირ საბოტაჟად“ აფასებს. მისი თქმით, იმ პერიოდში სახელმწიფო უფრო სუსტი იყო და სწორედ ეს გახდა პროექტის წარუმატებლობის მიზეზი.
„მე მინდა შეგახსენოთ კონტექსტი, ეს იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ამას შემდგომ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ნამახვანჰესზე, ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით. მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, საბოლოოდ ამან განაპირობა რაც მოხდა. თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. დღეს ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი, გეგმის თანახმად, უნდა აშენდეს საშუალო ჰესები, მზის და ქარის სადგურები, ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. ის პროცესები, რაც რამდენიმე წლის წინ განვითარდა აგენტურის მეშვეობით, დღეს ვეღარ განმეორდება“, - განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებში კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხიც არსებობდა. მან შესაძლო ინტერესებზე საუბრისას ასევე ახსენა ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიები. „სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით. ამაში ჩართული იყო კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები, ვინ აფინანსებდა მათ არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ეს იყო ზუსტად ის, ვისაც დიფ სთეითს და გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ასევე შეიძლება დენის იმპორტიორ კომპანიებს ჰქონოდათ ინტერესი, რომ დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია. რამდენიმე წლის წინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება დღეს და ხვალ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ENKA-სთან დაკავშირებული კომპენსაციის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის აღსრულება დაუშვა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საქართველოს ENKA-სთვის $297 მილიონი ძირითადი კომპენსაციის, $52.4 მილიონამდე საგადასახადო კომპენსაციისა და დამატებითი თანხების გადახდა დაეკისრა. თანხებზე ასევე გათვალისწინებულია SOFR-ს დამატებული 4%-ის ოდენობის პროცენტი. აღნიშნული თანხები 2026 წლის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის ჩათვლით 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, გუშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ სახელმწიფო კოლუმბიის ოლქის სასამართლოს განაჩენსაც გაასაჩივრებს.
რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.
"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
























