მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ და რატომ შემოდიან საქართველოში რუსეთის მოქალაქეები? - მთავრობა განმარტებებს აკეთებს

5efafdb905aae
ინგა მურუსიძე
30.06.20 12:55
3566
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები ყველა ქვეყანასთან ჩაკეტილია, მათ შორის რუსეთთანაც. გომელაური გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ნომრების მქონე მანქანები დადიან.

"ბოლო დროს ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები გახსნილია, მათ შორის რუსეთთან და შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ასე არ არის და საზღვრები ჩაკეტილია ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან. ქვეყანაში შემოდის მოქალაქე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არის საქართველოს მოქალაქე და გადადის კარანტინში, შემოდიან ასევე ორმაგი მოქალაქეები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც კანონით ქვეყანაში შემოსვლის უფლება აქვთ. თუკი მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს ვერ დავტოვებთ სხვა ქვეეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარეა ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილებას ეხება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დარჩენილია რუსეთის ბევრი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის დაწყების შემდგომ დარჩა საქართველოში, მათ აქვთ ლეგალურად, საქართველოში ყოფნის უფლება და იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამ თემაზე განმარტება გააკეთა დავით ზალკალიანმაც. საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ არავითარი გამონაკლისი რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებათ და საქართველოს საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.