საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც 7 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ოდენობების დადგენას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე კანონი პატიმრობას არ ითვალისწინებდა და ცვლილება დანაშაულს შეამცირებს.
„2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურმა დეპარტამენტმა საერთაშორისო კომპანიისგან შეისყიდა 7 ნარკოტიკული ნივთიერების სტანდარტული შესადარებელი ნიმუში, რაც ლაბორატორიული შემოწმების გზით შესაძლებელს ხდის აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე კონკრეტული ოდენობის დადგენას. ერთ-ერთია ალფა პვპ, რომელიც ძალიან გავრცელებულია სამწუხაროდ, ასევე მეფედრონი, გამა-ოქსიერბო მჟავა, მდპვ, ბენზილპიპერაზინი, ალპინაკი და დმტ. პარლამენტში უკვე დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რითაც 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე საკანონმდებლო დონეზე დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესი, მცირე საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
ეს პრობლემა იყო ნამდვილად, თუნდაც 1 ტონა ამოგვეღო ალფა პვპ, პირველი ნაწილით მიდიოდა, პატიმრობა არ ეფარდებოდათ ამ ადამიანებს. ამ დროს, შეიძლება 15-დან 20 წლამდე მიესაჯოს. როცა მიიღებთ და მხარს დაუჭერთ ამ კანონს დაისჯებიან ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. რასაც თქვენ იძახით, რომ დადიან და სადარბაზოებში დებენ, ჩიჩქნიან მინდვრებში, შემცირდება“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 2023 წელს პასუხისგებაში 284 ნარკორეალიზატორი მიეცა.