საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
გომელაურის თქმით, 2023 წელს, პასუხისგებაში 284 ნარკორეალიზატორი მიეცა. მისივე ინფორმაციით, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც და გასულ წელს ამ მიმართულებით 6 594 დანაშაული გამოვლინდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. თუმცა, უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით“, - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო:
● 84 კილოგრამი ჰეროინი;
● 20 კილოგრამი ალფა პვპ;
● 9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;
● 2,5 კილოგრამი კოკაინი;
● 4 კილოგრამი მეფედრონი;
● 2.5 კილოგრამი მდმა;
● 304 კილოგრამი მარიხუანა;
● 4 ტონამდე მცენარე კანაფი;
● 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები;
● 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.